საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ გლობალური ეკონომიკური ზრდის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიო მეურნეობას ერთდროულად ენერგორესურსების ფასების შოკი, რეკორდული სახელმწიფო ვალები და ხელოვნური ინტელექტის საინვესტიციო ბუმი ემუქრება.
მათგან პირველზე, ენერგორესურსებზე საუბრისას გეორგიევამ თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი მიწოდებას მკვეთრად აფერხებს. IMF-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულება ომის შეჩერებაზეც კი აღარ არის დამოკიდებული.
"მაშინაც კი, თუ სპარსეთის ყურეში ომი დასრულდება, ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები კიდევ გარკვეული პერიოდით შენარჩუნდება" - აღნიშნა გეორგიევამ.
სიტყვით გამოსვლისას IMF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტექნოლოგიურ სექტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებს AI-ზე მოთხოვნაც ზრდის. ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ, როცა ტექ-ინდუსტრიის განვითარების შედეგები სახელმწიფოებზე არათანაბრად ნაწილდება, იზრდება რისკებიც, რომ რიგ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდოს.
"ვფიქრობ, AI-სთვის მომზადება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მარეგულირებელ დონეზე. აშკარაა, რომ მასზე მოთხოვნა იზრდება, დასაქმების ბაზარი კი ფეხს ვერ უწყობს ტემპს. განსაკუთრებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, სადაც გლობალურად თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება" - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ.
IMF-ის ხელმძღვანელი შეეხო სახელმწიფო ვალების უპრეცედენტო ზრდის გამოწვევასაც, რომელიც მან გლობალური ფინანსური სისტემის მთავარ პრობლემად დაასახელა. გეორგიევამ გამორჩეულად გამოყო მოწინავე ეკონომიკები და მათ ამ მხრივ „ყველაზე ცუდი დამრღვევები“ უწოდა. IMF-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ სიაში ლიდერობს.
























