ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბანკებს სანქციების გამოცხადებისთანავე მიეწოდათ შესაბამისი სიები და მითითებები და ქართული საფინანსო სისტემა პირნათლად ასრულებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. ამასთანავე, გვენეტაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა ამ სანქციების მოთხოვნების დაცვა, მაშინ ეკონომიკა ძალიან დაზარალდება.
“ჩვენ ფინანსურ ორგანიზაციებს მაშინვე, როგორც კი გამოცხადდა სანქციები, მივეცით დავალება, რომ დაეცვათ სანქციები. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სისტემაში არის ორი სისტემური ბანკი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი და მათ ასევე სრულად ევალებათ ბრიტანული სანქციების მოთხოვნების შესრულება, რადგანაც სხვა შემთხვევაში თუ არ მოხდა ამ სანქციების მოთხოვნების დაცვა, ეკონომიკა ძალიან დაზარალდება.
სავალუტო ფონდის მიერ დღეს თავის დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს და შეუძლებელი იქნება სანქციების გვერდის ავლა,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.
“საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ომის უარყოფითი გავლენა შეამცირა,”- ნათქვამია IMF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.




























