ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა. აქამდე პროგნოზი 5.3% იყო, შესაბამისად გაუმჯობესება 1.2 პროცენტული პუნქტია.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ს ანგარიშის თანახმად ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
„ფონდის მოლოდინია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მოელის, რომ 2026 წელს, ისევე როგორც შემდგომ წლებში, ეკონომიკური ზრდის ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება.
„რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.



























