პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ შეჩერებულ პროგრამასთან დაკავშირებით პროგრესი მალე მიიღწევა.
BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროგრამის აღდგენა და რას აკეთებს ამისთვის მთავრობა, რაზეც კობახიძე აცხადებს, რომ პროგრამის აღდგენა ორივე მხარის ინტერესშია. მისივე თქმით, როდესაც რეგიონში ვითარება დალაგდება, ურთიერთობა ყველასთან დალაგდება.
"მე მქონდა 2 თუ 3 შეხვედრა სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდანაც გამოითქვა ინტერესი, ჩვენი მხრიდანაც დადასტურდა ინტერესი. ორივე მხარის ინტერესებშია პროგრამა აღდგეს. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება. იმედი გვაქვს, რომ მალე მიიღწევა პროგრესი. ზოგადად, როგორც კი რეგიონში ზოგადი ვითარება დალაგდება, ყველა მიმართულებით დალაგდება ურთიერთობები ყველასთან და ყველაფერთან",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს, უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. ფონდი მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.