მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგრამა აღდგება თუ ახალი დაიწყება? - პრემიერის პასუხი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეჩერებული პროგრამის აღდგენის სავარაუდო პერიოდი მიმდინარე წლის ბოლოა.

როგორც კობახიძემ სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, IMF-თან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველაფერი გაკეთდება.

“სავალუტო ფონდთან გვქონდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის პროგრამის აღდგენაზე. კონკრეტულ ნაბიჯებზე გვქონდა საუბარი, რაც შეიძლება გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან. ძალიან მეგობრული კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის.

შეიძლება ეს [პროგრამის აღდგენა] მოხდეს წლის ბოლოსთვის, საორიენტაციოდ ასეთ ვადებზე გვქონდა საუბარი, ვნახოთ“,- ამბობს კობახიძე და BMG-ის ჩაკითხვაზე, შეიძლება თუ არა IMF-ის ახალი პროგრამა დაიწყოს, ასე პასუხობს: "ეგეც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება... შეიძლება ახალი პროგრამა მომავალ წელს დაიწყოს".

IMF-ის პროგრამის მიმოხილვა გასულ წელს, მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია.

როგორც IMF-ის წარმომადგენელმა, 18 მარტს, სებ-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავალუტო ფონდი წუხილებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები