ველოდებით ხელისუფლების რეაქციას და პასუხს, რომ რეაგირება მოახდინოს იმ მოსაზრებაზე თუ წუხილზე, რაც ჩვენ გამოვთქვით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, საქართველოში ვიზიტის დროს შეხვედრებზე საუბარი შეეხებოდა თუ არა IMF-ის შეჩერებულ მისიას და აღდგენის რა ვადებზე შეიძლება იყოს საუბარი.
„IMF-ის პროგრამა მომავალი წლის ზაფხულამდე გრძელდება და არ დასრულდა გარკვეული მიზეზების გამო, ალბათ თქვენც იცით ამ მიზეზების შესახებ. განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს რეკომენდაციებში ამაზე არის საუბარი. ასევე, ჩვენ ველოდებით, რომ რაღაც ზომები იქნება მიღებული და ასევე სახელმწიფო საკუთრების მფლობელობაში არსებულ საწარმოებთან დაკავშირებით რა პოლიტიკა განხორციელდება. ველოდებით ხელისუფლების რეაქციას და პასუხს, რომ რეაგირება მოახდინოს იმ მოსაზრებაზე თუ წუხილზე, რაც ჩვენ გამოვთქვით. უფრო მეტი დეტალები მოგეწოდებათ, როცა ოფიციალური დასკვნა გვექნება მზად“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.
IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.