PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე ბევრი კუთხით ექნება გავლენა. მათ შორის, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას საგარეო ვალი აღება გაუძვირდეს, ხოლო კომერციულ ბანკებს ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაურთულდეს. ამის შესახებ ხიშტოვანმა BM.GE-სთან ისაუბრა.
“პროგრამის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრიტიკულად აფასებს საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან, როგორც მის ძირითად პარტნიორთან, შეჩერებულია. ტექნიკურ ნაწილში ეს გულისხმობდა შედარებით იაფი დაფინანსების საშუალებას საქართველოს მთავრობისთვის. პროგრამის შეჩერება გულისხმობს, რომ IMF მიმდინარე პროცესების საფუძველზე ხედავს რისკებს, რასაც, შესაძლოა, ჰქონდეს ეფექტი საქართველოს სხვა პარტნიორებზეც, მათ შორის მათ საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობაზე. ამან შესაძლოა სახელმწიფოს ახალი საგარეო ვალის აღება გაუძვიროს, ხოლო ქართულ საფინანსო ინსტიტუტებს ფინანსებზე წვდომა გაურთულოს, რადგან ქვეყნის “რისკი” იზრდება. თუ პროგრამის შეჩერების მიზეზად IMF-ის მხრიდან ბოლო გადაწყვეტილება დასახელდება, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ამ გადაწყვეტილების შეცვლა იქნებოდა", - აცხადებს ხიშტოვანი.
ვრცლად ამ თემაზე: ყველაფერი დროებით შეჩერებულ IMF-ის პროგრამაზე