ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ მთავრობას ვაშინგტონში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობისას სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის დაწყების საკითხი არ დაუყენებია. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ამჟამად არც ფინანსთა სამინისტროს და არც ეროვნული ბანკის წინაშე არ დგას პრობლემური საკითხები, რომლებიც სავალუტო ფონდის მოთხოვნის საჭიროებას დღის წესრიგში დააყენებდა, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადი არ გაკეთებულა.
"არა, ახალი პროგრამა არ მოგვითხოვია. ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს და ჩვენ ვთანამშრომლობთ, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებებით, მაკროეკონომიკური და ნუ მონეტარული პოლიტიკის ნაწილში თანამშრომლობს ეროვნული ბანკი, მათ შორის ზედამხედველობის ნაწილში, შესაბამისად, ტექნიკური დახმარების ნაწილში ვფიქრობთ, რომ ექნებათ უფრო აქტიური თანამშრომლობა, თორემ ახალი პროგრამის მოთხოვნაზე ჯერჯერობით საუბარი არ გვქონია.
ვერ ვხვდები, დღეს პროგრამის ძირითადი არსი რა უნდა იყოს. ჩვენ პროგრამა გვჭირდებოდა და გვაქვს ყოველთვის, როდესაც იყო პრობლემური საკითხები, მათ შორის ეს დაემთხვა ჯერ 2014 წლის პერიოდში იყო კრიზისი, შემდგომ უკვე COVID-ის პერიოდი, როცა ახალ პროგრამაზე შევთანხმდით, ანუ როდესაც გარკვეულწილად იყო ბიუჯეტის დეფიციტის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარკვეული რისკები და შესაძლებელი იყო დაგვჭირდებოდა მათი დახმარება, ფინანსურ დახმარებას ვგულისხმობ, მათ შორის საგადამხდელო ბალანსის მიმართულებით, სწორედ ამიტომ პროგრამა გვქონდა. დღეს ჩვენ ეს რეალობა არ გვაქვს. დღეს ერთადერთი საკითხი, რაზედაც პროგრამა შეიძლება მოვითხოვოთ, ისიც თანხის გარეშე, უბრალოდ, რომ პროგრამა ჰქონდეს, ეს არის თუ რაიმე რეფორმების დღის წესრიგი გვექნება, რომელშიც დაგვჭირდება მათი დახმარება. რიგ შემთხვევაში, სადაც ტექნიკურ ნაწილში გვჭირდება, ამას ტექნიკური დახმარებები გვაქვს, ამას პროგრამა არ სჭირდება. დღესაც ფინანსთა სამინისტრო და მათ შორის ეროვნულ ბანკიც სავალუტო ფონდის არაერთი ტექნიკური დახმარების ბენეფიციარები ვართ და ეს ძალიან გვადგება სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
აშშ-ში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
სებ-ის ინფორმაციით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.




























