მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ისთვის მთავარი საკითხია, ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობა განმტკიცდეს - თურნავა

ნათია თურნავა

საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის უხარვეზოდ წარმართვაში იგულისხმება ისიც, რომ ჩვენს მიერ გამოცემული ყველა რეგულაცია იყოს სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ საქართველო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სანქციებთან და მიუხედავად იმისა, რომ კითხვები სებ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდმა ნამდვილად დასვა, თუმცა დროში აცდენის გამო, პროგრამის გადადებასთან ამას კავშირი ვერ ექნება.

"კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის სტატუსი, რომელიც არ არის შეწყვეტილი და ეს არაერთხელ დაადასტურა თავად საერთაშორისო სტრუქტურასაც. გადაიდო პროგრამის მეორე მიმოხილვის წარდგენა. ჩვენც და სავალუტო ფონდიც ვმუშაობთ პროგრამის მიმდინარეობის აქტივაციისთვის. როგორც ჩანს, ასევე დასაზუსტებელია პროგრამის გადადების თარიღები. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში იქნა მიღებული და მას შემდეგ მიმდინარეობს IMF-ის გამოთქმული გარკვეული საკითხების და წუხილების შესაბამისი ასახვის ჩვენს კანონმდებლობაში, ან ზოგ შემთხვევაში ხდება განმარტებები, რაც ჩვენი მხრიდან იყო აუცილებელი", - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით მიღებულ დაზუსტებას, ეს საკითხი ასევე იყო დასმული სავალუტო ფონდის მხრიდან, მაგრამ გაცილებით მოგვიანებით, ვიდრე პროგრამა გადაიდო.

"ჩვენ ძალიან დეტალური განმარტება მივაწოდეთ, რატომ და რანაირად გაკეთდა ეს, ასევე აქვთ კომუნიკაცია ჩვენს საბანკო სექტორთან და სრული რწმუნება აქვთ მიღებული მათაც და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა ერთგულია საერთაშორისო სანქციების სულისკვეთების. ჩვენი საფინანსო სისტემა არასოდეს იქცევა სანქციების გვერდის ავლის ადგილად და სფეროდ და ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს რომ პროცესი წარიმართოს უხარვეზოდ. მათ შორის, უხარვეზოდ წარმართვაში იგულისხმება ისიც, რომ ჩვენს მიერ გამოცემული ყველა რეგულაცია იყოს სრულ შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ჩვენს ორგანულ კანონთან, რაც ყველაფერთან ერთად იმასაც უზრუნველყოფს, რომ სანქციების აღსრულების პროცესში რამე წინააღმდეგობა არ წარმოიშვას", - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს.

,,რაც შეეხება მოლოდინს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საკმაოდ დადებითია, რადგან ჩვენ ჩართული ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაში. მათი მთავარი საკითხია, რომ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობა განმტკიცდეს. ჩვენ ისედაც ვართ დამოუკიდებლები და ეს დაცულია კონსტიტუციის 68 მუხლით, მაგრამ ყოველთვის არსებობს სივრცე სრულყოფისთვის", - ამბობს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები