შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, თუმცა დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 1.8 პპ-იანი კლება ფიქსირდება.
რაც შეეხება 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის ისევ 9.0%-იან ნიშნულზეა; აგრეთვე უცვლელია 2027 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი და ის ისევ 5.2%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ IMF-მა 2023 წლისთვის გლობალური ზრდის პროგნოზის 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.7%-მდე შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო.
სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ფინანსური კრიზისისა და პანდემიური კრიზისის შემდეგ, ამჟამად ბოლო 20 წლის ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვითარებაა.
„უარესი ჯერ კიდევ წინ არის. მოსახლეობის დიდი ნაწილი რეცესიას 2023 წელს იგრძნობს. გლობალური ეკონომიკის მესამედი ორი კვარტლის განმავლობაში მშპ-ის შემცირების წინაშე აღმოჩნდება; აშშ-ის, ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკა კი შენელებას განაგრძობს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
IMF-ის შეფასებით, ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, თუმცა პიკი 2022 წლის ბოლოსთვის დაფიქსირდება 8.8%-ის ფარგლებში.
IMF-ის განახლებული გლობალური პროგნოზი:
ეკონომიკური ზრდა: 2022 წელს +3.2%; 2023 წელს +2.7%;
ინფლაციის დონე: 2022 წელს 8.8%; 2023 წელს 6.5%.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი მიზეზები რუსეთ-უკრაინის ომი, პანდემია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაღრმავება, ენერგორესურსების, სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირება და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდაა.




























