მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა და უკრაინამ $1.1 მლრდ-იან დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინა
11.09.24 12:10
132

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას $1.1 მლრდ დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარების შესახებ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ შეთანხმება მხარეების „რთული“ მოლაპარაკებების შედეგია და IMF-ის აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან დამტკიცებას ექვემდებარება, რაც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიევის საკვანძო საერთაშორისო კრედიტორია. მისი 4-წლიანი $15.6 მილიარდიანი პროგრამა უკრაინის გლობალური ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის პირობებში მესამე ზამთრისთვის ემზადება.

„უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ომი დამანგრევლად მოქმედებს ქვეყანასა და მის ხალხზე“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, გევინ გრეის განცხადებაში. „პოლიტიკის ჭკვიანური ფორმირება, შინამეურნეობების და კომპანიების ადაპტაციის უნარი და ასევე საიმედო საერთაშორისო დაფინანსება მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის შესაძლებლობაში დაგვეხმარა“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რისკები „უკიდურესად მაღალია“. მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება, მათ შორის ომის გავლენით შრომის ბაზარზე და რუსეთის განგრძობითი თავდასხმებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

გამოცემა წერს, რომ ოფიციალური კიევი დაფინანსების 60%-ს ჯარზე ხარჯავს და დიდწილად დასავლელი პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული პენსიებისა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ხელფასების დასაფარად, ასევე სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფინანსებისთვის.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან 98 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურ კიევს მიმართა, 2025 წლის ბიუჯეტში „დაიცვას და ფინანსური ზღვრები ვალის მიზნობრივი დონის უზრუნველყოფის მიზანი“, ამასთანავე IMF-ში აცხადებენ, რომ უკრაინამ შიდა შემოსავლების ზრდის შესაძლებლობები უნდა მონახოს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა Telegram-არხზე დაადასტურა, რომ უკრაინამ და IMF-მა ექსპერტების დონეზე ფინანსური $15.6 მილიარდიანი დახმარების პროგრამის მეხუთე გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

„ივნისის ბოლოს ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი და სტრუქტურული ნიშნულები შესრულებული იყო. ეს შეთანხმებები ცხადყოფს, რომ უკრაინა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას აგრძელებს და საერთაშორისო პარტნიორები ამ გზაზე მხარს გვიჭერენ. ველოდებით აღნიშნული შეთანხმების შესრულებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან, რის შემდეგაც უკრაინა 1.1 მლრდ დოლარს მიიღებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ეს იყო IMF-ის პირველი მისია, რომელმაც კიევში ომის პირობებში სრულფასოვნად იმუშავა.

„პარტნიორების რესურსი ჩვენს ხელისუფლებას ყველა არასაომარი ხარჯების დაფინანსების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს შესაძლებლობაა, ჩვენი შიდა რესურსები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე მივმართოთ“, - წერს შმიჰალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები