საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ალეჰანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2025 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციის შედეგების წარდგენისას მან აღნიშნა, რომ აქამდე არსებული 6%-იანი პროგნოზი 7.2%-მდე გაიზარდა. ალეჰანდრო ჰაჟდენბერგის თქმით, საქართველოს ეკონომიკა მაკრო გამძლეობით გამოირჩევა.
"წელს დაახლოებით 7.2% იქნება ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი აქამდე არსებული პროგნოზის გადახედვა, იმიტომ რომ გავზარდეთ 6%-დან 7.2%-მდე. საქართველოს ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს.
ინფლაციას რაც შეეხება, სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო იმის მიუხედავად, რომ სურსათზე ფასებმა იმატა, ძირითადი ინფლაცია 3%-იანი სამიზნის ქვემოთ იყო, წინა წლებში გაზრდილი იყო სამიზნე ორიენტირის ზემოთ, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს. გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარგლებში. გასულ წელს 4% იყო, წელს მსგავსი იქნება.
ერთი მიმართულება, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ ბოლო პერიოდში, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები", - აღნიშნა მან.




























