მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა უკრაინას $1.4 მილიარდი გამოუყო

6229b839ee1cc
გიორგი თოლორდავა
10.03.22 13:00
696
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1.4 მილიარდი დოლარი გამოუყო.

“სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტიდან“ დამტკიცებული სესხი ომით დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას მოხმარდება.

IMF-ის საბჭო გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინელ მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს. გარდა $1.4-მილიარდიანი დახმარებისა, სავალუტო ფონდი პირობას დებს, რომ ეკონომიკის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესში ორგანიზაცია უკრაინას აქტიურად დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ IMF-ს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"უკრაინაში მიმდინარე ომი სიცოცხლის ტრაგიკულ მოსპობას და ტანჯვას იწვევს, ასევე, დიდი ზიანი ადგება უკრაინის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. ომის შედეგად, მილიონზე მეტი ლტოლვილი მიადგა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციებია გამოცხადებული.

სანამ სიტუაცია არასტაბილურად და გაურკვევლად რჩება, ეკონომიკური შედეგები უკვე ძალიან სერიოზულია. ენერგიისა და საქონლის ფასები, ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ჩათვლით, მკვეთრად გაიზარდა, რაც მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითა და COVID-19-ით გამოწვეულ ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის. ფასების შოკს გავლენა ექნება მთელს მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი ღარიბ ოჯახებზე, რომელთათვის საკვები და საწვავი საერთო ხარჯების დიდი ნაწილს წარმოადგენს. თუ კონფლიქტი გამწვავდება, ეკონომიკური ზიანი კიდევ უფრო მეტად დამანგრეველი იქნება. რუსეთზე დაწესებულ სანქციებს არსებითი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზეც.

ბევრ ქვეყანაში, ისედაც გაზრდილი ფასების ზეწოლის ფონზე, კრიზისი უარყოფით შოკს იწვევს, როგორც ინფლაციის დონეზე, ასევე ეკონომიკურ აქტივობაზე. ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ყურადღებით დააკვირდნენ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას და მის ადგილობრივ ინფლაციაზე ასახვას, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ფისკალური პოლიტიკა დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად უნდა იყოს მიმართული, რათა დაბალანსდეს მზარდი ცხოვრების ხარჯები. გლობალური ეკონომიკის პანდემიური კრიზისიდან აღდგენის ფონზე, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაართულებს პოლიტიკურ ლანდშაფტს.

ადამიანური დანაკარგის გარდა, უკრაინაში ეკონომიკური ზარალი უკვე საკმაოდ დიდია. საზღვაო პორტები და აეროპორტები დაკეტილია, გზების და ხიდების დიდი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ფინანსური ხარჯების ზუსტი შეფასება ძალიან რთულია, უკვე ცხადია, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი რეკონსტრუქციისა და აღდგენის ხარჯები ექნება.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მკაცრად შეზღუდავს ბანკის წვდომას ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მხარდასაჭერად საჭირო საერთაშორისო რეზერვებთან. რუსეთის საბანკო სისტემაზე დაწესებული სანქციები და რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გარიცხვა მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას – შემოსავალი მიიღოს ექსპორტიდან, გადაიხადოს იმპორტის გადასახადი და განახორციელოს საერთაშორისო ტრანზაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც ადრეა რუსეთის ეკონომიკაზე ამ სანქციების სრული შედეგის განჭვრეტა, ჩვენ უკვე ვნახეთ რუსული აქტივების ფასების მკვეთრი ვარდნა და რუბლის გაუფასურება.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ის ქვეყნები, რომელთაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ უკრაინასა და რუსეთთან, მოსალოდნელია: მიწოდების შეფერხება, პროდუქციის დეფიციტი და ლტოლვითა მზარდი შემოდინება. მოლდოვამ IMF-ისგან უკვე მოითხოვა არსებული პროგრამის პირობების გაფართოება, რათა შესაძლებელი იქნეს მიმდინარე კრიზისის ხარჯების დაფარვა. სავალუტო ფონდის გუნდი მოლდოვის ხელისუფლებასთან ერთად შესაძლო ვარიანტების განხილვის პროცესშია.

მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ სანქციებს უმძიმესი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარტნიორებთან ერთად განაგრძობს სიტუაციის შეფასებას, დროული რჩევების მიცემას და, საჭიროების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას" - ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები