საერთაშორისო სავალუტო ფონდს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ საქართველოსთან პროგრამა განაახლოს - ასე აფასებს BMG-სთან “სტემსქეილის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი IMF-თან ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობას.
საქმე ისაა, რომ სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, რომელიც 2023 წელს შეჩერდა, ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში მთავრდება. ამ ფონზე, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ახალი პროგრამის შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა IMF-სგან ახალ პროგრამას მაშინ მოითხოვს, როდესაც ამის საჭიროება დადგება.
მიხეილ კუკავას შეფასებით, IMF-თან მიმდინარე პროგრამის შეჩერებიდან ორი წლის თავზეც პრობლემური საკითხები, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, მისი თქმით, ამ პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობა.
“IMF-ის პროგრამის საჭიროება ყოველთვის დგას დღის წესრიგში, ეს არაა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს და ზოგჯერ არა, ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება IMF-ის პროგრამის არსს, რომელიც არის სიგნალის და ტონის მიმცემი სხვა დონორებისთვის.
როგორია იმის ალბათობა, რომ პროგრამა განახლდება. არაფერი არ შეცვლილა ქვეყანაში. მთავრობა ისევ ახდენს პირდაპირ გავლენას ეროვნულ ბანკზე, რაც აქამდე, წინა მმართველობის პირობებში არ გვქონია. აქედან გამომდინარე, არანაირი მიზეზი IMF-ს არ აქვს, რომ პროგრამა განაახლოს. თავის მხრივ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელება ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ექნება სავალუტო ფონდთან პროგრამა, მით უფრო დიდ ზიანს მოგვიტანს ეს“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
ცნობისთვის, IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.