ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების სხვადასხვა ოფცია არსებობს, რაზედაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.
IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა 4 ივნისს განაცხადა, რომ პროგრამის გარდა არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მოდალობა, ეს შეიძლება იყოს კონსულტაციები, წლიური ვიზიტები და რეგულარული დიალოგი, რომელსაც ფონდი საქართველოსთან ინარჩუნებს.
"ფონდთთან თანამშრომლობა უფრო მეტად საფინანსო სექტორის მდგრადობის, საკითხებს შეეხება, ვიდრე მათგან თანხების მოზიდვას. სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას კვლავაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მათი შეფასებები და თანამშრომლობა ქვეყნის ინვესტორთათვისაც მნიშვნელოვანია.
ბოლო მისიაც იყო საკმაოდ დადებითი, დასკვნები იყო საკმაოდ პოზიტიური და ეს საჯაროდაც გამოქვეყნდა დოკუმენტურად. ხაზი გაესვა იმ მიღწევებს რაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კუთხით, მათ შორის ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით აქვს ფინანსთა სამინისტროს, ასევე მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით ეროვნულ ბანკს. ასევე საუბარი იყო იმ რისკებზე, რომლებიც უდგას ჩვენს ეკონომიკას და მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკის მზადყოფნაზე გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევას.
ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა რომ გავაგრძელოთ მათთან აქტიური თანამშრომლობა, არსებობს სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა ოფცია, რაზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდიც იმსჯელებს. მნიშვნელოვანია რომ თავად სავალუტო ფონდიც არის მზად რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს ჩვენთან თანამშრომლობა,"- პარლამენტში განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიერ პირობების დარღვევის გამო, $180-მილიონიანი პროგრამა 2023 წელს შეაჩერა. აღნიშნულ შეჩერებულ პროგრამას ვადა 2025 წლის 14 ივნისს გაუვა.
რატომ შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა - მიზეზების ქრონოლოგია:
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.




























