მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელდება თუ არა IMF-ის პროგრამა - ნათია თურნავას მოლოდინი

ნათია თურნავა კაბინეტში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელების თაობაზე BMG-ის კითხვას უპასუხა. თურნავას განმარტებით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდთან კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ საკითხზე, რაზეც IMF წუხილს გამოთქვამდა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა რაოდენობების თანაფარდობაა, რაც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოტანით დროებით დაირღვა.

ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ IMF-ის პროგრამა არ შეჩერებულა და დროებით გადაიდო მხოლოდ პროგრამის მეორე მიმოხილვის IMF-ის ბორდის სხდომაზე განხილვა.

“ჩვენ ვაცხადებდით, რომ ფონდის პროგრამა არ შეწყვეტილა, გადაიდო მისი მეორე მიმოხილვის განხილვა IMF-ის საბჭოზე. დროებით შეფერხებად აღვიქვამთ ამას. ახლახან დავასრულეთ ეგრეთ წოდებული ვირტუალური მისია, ვმუშაობთ ინტენსიურად არამხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყო ჩართული, IMF-თან პროგრამის მიმდინარეობის განხილვაში, IMF-მა გამოაქვეყნა კიდეც ამასთან დაკავშირებით პრესრელიზი ჰქონდა და საჯარო კომუნიკაცია იცით რომ ძალიან დადებითად შეაფასა არამხოლოდ ჩვენი და მთავრობის ძალისხმევა და მიმართება იმასთან დაკავშირებით რომ პროგრამა დაჩქარდეს, კვლავინდებურად გეგმის მიხედვით გაგრძელდეს. არამედ მთლიანად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ეს ყველაფერი აძლევს ფონდს საფუძველს რომ ძალიან ოპტიმისტურად იყოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ წუხილს, რასაც IMF გამოთქვამდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობასთან მიმართებით, წუხილის მთავარი შინაარსი არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს მყარი უმრავლესობა არააღმასრულებელი წევრების. მიაჩნიათ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ეროვნული ბანკის მართვა. აქედან გამომდინარე გვქონდა ამ ყველაფერზე კომუნიკაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია იქნება მოვლენილი და ჩვენ მათ იურისტებთან ერთად და მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ რა წინადადებები შეიძლება შევიმუშაოთ და შევთავაზოთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც გადაწყდება დადებითად.

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი პროგრამასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 21 ივლისს IMF-ის მისიამ განაცხადა, რომ ფონდი შეისწავლის რა გავლენა ექნება ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები