მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეემსუბუქებინა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ურთიერთობები დამძიმებულიყო - ბოჭორიშვილი ფიშერზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში გერმანიის მიერ ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევას ეხმაურება. ბოჭორიშვილის თქმით, ფიშერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობა დამძიმებულიყო.

"რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ზოგადად, ჩვენს თავს ბოლო პერიოდში ბევრი რამ ხდება უპრეცედენტო. უპრეცედენტოა ასეთი ზეწოლა, რაც დღეს საქართველოზე ხორციელდება, რაც ჩვენი დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, შესაძლოა ასეთი არ ყოფილა. ძალიან ბევრი რამ იცვლება, ძალიან ბევრ რამესთან გვიწევს გამკლავება სხვაგვარად, უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა. შესაბამისად, ესეც უპრეცედენტო იყო, თუ რა დონეზე დავიყვანეთ ამ სიტუაციაში ამ კონკრეტული ელჩის პერიოდში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები. ჩვენთვის ესეც უპრეცედენტო და ძალიან სამწუხაროა.

ელჩის პირველი ფუნქცია არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა. რაც არ უნდა მძიმე იყოს ურთიერთობები, ელჩის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ყველაზე მძიმე მოცემულობაში მონახოს გზები, როგორღაც გაამარტივოს კომუნიკაცია. ეს არის დიპლომატის მთავარი ფუნქცია.

ამ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ კონკრეტულმა ელჩმა, იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეემსუბუქებინა, პირიქით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები დამძიმებულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს აგერ უკვე ერთი წელია ელჩი არ ჰყავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ამას მათ ვერ დავაბრალებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რომ გერმანიაში ელჩი გვყოლოდა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულებულიყო და დასრულდა. უახლოეს დღეებში, საქართველოს ელჩი გაემგზავრება ბერლინში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ გერმანულ მხარესთან ელჩის დონეზე გვქონდეს კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

19 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ გადაწყვიტეს, გერმანიის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახონ, იმის გადასაწყვეტად თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება. „უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“.

მანამდე, 24 სექტემბერს პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გერმანიის ელჩის განცხადებით, დიპლომატი დაბარება არის "სანქცია" და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ორი ქვეყნის ურთიერთობებში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები