მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს გავუგზავნეთ" - გერმანიის ელჩი

პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სახელით, მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს გაეგზავნა.

ამის შესახებ ელჩმა „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ელენე კვანჭილაშილის კითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა: რა შეიცვალა ერთი წლის მანძილზე ისეთი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წელს შარშანდელისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" მთავრობა მიწვეულია.

ელჩი პასუხობს, რომ მიუნხენის კონფერენცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არ წარმოადგენს მხოლოდ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების შეკრებას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ მიწვევა მიიღო, მაგრამ თავად ის კონფერენციას არ დაესწრება, ელჩმა განგვიმარტა, რომ კონფერენციის თხოვნით, მოსაწვევებს საელჩო არიგებს და მოსაწვევი საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზეა.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. გერმანიის საელჩო უგზავნის ხოლმე მოწვევას კონფერენციის სახელით ოფიციალურ პირებს. ჩვენ მოსაწვევი საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გავგზავნეთ. ამ კონფერენციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი აქტორი იყოს ჩართული ერთი სადისკუსიო მაგიდის გარეშემო როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო თუ კვლევითი წრეებიდან. წელს მაგალითად, ირანი არ არის მიწვეული კონფერენციაზე - იმის გამო, რაც ირანში მოხდა, პროტესტი და ამ პროტესტის ჩახშობა. ამდენად, მიუნხენის კონფერენცია არ არის მხოლოდ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანების შეკრება. ბევრ ადამიანს იწვევენ", - თქვა ელჩმა.

ამასთან, როგორც პეტერ ფიშერმა განაცხადა, "ქართული ოცნება" დღეს დასავლეთისგან პოლიტიკურად იზოლირებულია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 10 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, თუმცა თავად გერმანიაში გამგზავრებას არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ გასულ 2025 წელს, "ოცნების" მთავრობას მოსაწვევი არ მიუღია.

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია წელს 13-15 თებერვალს გაიმართება. ვინ დაესწრება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები