მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორებს ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა არ შეექმნებათ - მინისტრი 2013 წლამდე ავტომობილების აკრძალვაზე

6487360e87af5
BM.GE
12.06.23 19:30
591
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ავტოიმპორტის ბაზარს 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა მძიმე ტვირთად არ დააწვება - ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

შეგახსენებთ, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო-5 ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია ევრო 5 და უფრო მაღალი სტანდარტი.

„ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში. ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დააახლოვებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.

მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა შესაბამის დადგენილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები