მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი აფხაზეთმა მოიხმარა - ვინ იხდის იმპორტირებული დენის ფასს?

აფხაზეთის ელექტროსისტემა

იანვარ-მარტში რუსეთიდან ჯამში 580 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია შემოვიდა, რაც სრულად აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. საქსტატის მონაცემებით, 580 მლნ კვტ.სთ დენში დაახლოებით 580 ათასი დოლარი იქნა გადახდილი.

როგორც BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს თანხა რუსეთს აფხაზურმა მხარემ გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც ქვეყანაში იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

"აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. იცით, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი მდებარეობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწილი კი - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, 1993 წლიდან, შეთანხმების მიხედვით, ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია ნაწილდება 60/40 თანაფარდობით.

დღევანდელი მოცემულობით, ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას ბაზრის წესებითა და სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება ჯამურ იმპორტს, იანვარ-მარტში ქვეყანამ 974 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტში ქვეყანამ 24 მლნ დოლარი გადაიხადა. პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 329 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, სომხეთიდან კი 65 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის დენი ვიყიდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები