„იმპორტირებული პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა რთულია, რადგან ისინი დიდ მოცულობებს აწარმოებენ,“ - ამის შესახებ BMG-ს სოციალური საწარმო „აგამას“ დამფუძნებელმა, არჩილ ელბაქიძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი, რითაც იმპორტირებული პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევაა შესაძლებელი, მათი წარმოებული პროდუქციის ხარისხია. სწორედ ამიტომ, სოციალური საწარმო „აგამა“ საწარმოს განვითარების კუთხით მონაწილეობას ევროკავშირის პროექტებში აქტიურად იღებდა, რათა ყველა საჭირო სტანდარტი დაეკმაყოფილებინა.
„როდესაც რაიმეს აწარმოებ, საჭიროა წარმოების პროცესის სტანდარტების მიხედვით განხორციელება, რომელიც ძალიან მკაცრია. სტანდარტები დაცული უნდა იყოს როგორც წარმოების პროცესში, ასევე საწარმოს მოწყობის დროსაც.
მარწყვის მურაბაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ჯერ მხოლოდ იმერეთის რეგიონს ვერ ვაკმაყოფილებთ და ექსპორტს ამ ეტაპზე საერთოდ არ განვიხილავთ, სანამ შესაბამისი მოცულობის წარმოება არ გვექნება.
ჯერ მარწყვის მოყვანა შევისწავლეთ, შემდეგ მისი გადამუშავება და ტექნოლოგია. ახლა კი, მომავალი წლიდან, წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ,“- აცხადებს ელბაქიძე.
მისივე ცნობით, სოციალური საწარმო იმისდა მიუხედავად, რომ მიკრო საწარმოს ტიპისაა, ის ტექნოლოგიურად სრულადაა აღჭურვილი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერაა აღიარებული.
რაც შეეხება წლის შეჯამებას, საწარმოს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი მათთვის ძალიან კარგი და ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა. ვინაიდან, პროდუქციის სრულად რეალიზაცია წარმატებით მოახერხეს, ასევე საწარმოში მზის პანელები დაამონტაჟეს, რაც შესაბამისად საწარმოო ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „აგამა“ იმერეთში, სოფელ გეგუთში მდებარეობს და ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. საწარმოში ადგილზევე ხდება მარწყვის მოყვანა და მისგან მარწყვის მურაბის წარმოება.
გარდა მარწყვის მურაბისა, საწარმო „აგამას“ ბრენდის ქვეშ ცაგერის რაიონში მთის თაფლსაც აწარმოებს, რომელიც ასევე მისი მცირე წარმოების გამო, ადგილობრივად იყიდება.