ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. “წერტის” დამფუძნებლის განცხადებით, დახლებზე ხორცის ღირებულება 35-დან 40 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მოლოდინია, რომ ტრადიციულად ზაფხულში ხორცზე ფასი გაიზრდება და კილოგრამზე დაახლოებით 1,5-3 ლარამდე მოიმატებს.
ბიძინა გონაშვილი მიიჩნევს, რომ დარგის მხარდასაჭერად სახელმწიფოს შეუძლია რამდენიმე ნაბიჯი გადადგას, მათ შორის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დააწესოს იმპორტირებული საქონლის შემოყვანაზე, რაც ხორცის ფასს დაასტაბილურებს.
“დღესდღეობით ქვეყანაში საქონლის ხორცის იმპორტს საკმაოდ დიდი წილი უკავია. მოგეხსენებათ ღორის ხორცის იმპორტი დიდი ხანია საკმაოდ დიდ მასშტაბზეა და ფაქტობრივად ადგილობრივ ბაზარზე ფასს იმპორტული ხორცი განაპირობებს და ნელ-ნელა გადავდივართ უკვე იმ რეჟიმში, რომ საქონლის ხორცზეც მსგავსი სიტუაციაა.
ფასების ზრდა არ არის გამოწვეული მხოლოდ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამო, ზოგადად მსოფლიოში არის ფასები გაზრდილი და ეს ბევრ ფაქტორს უკავშირდება - კრიზისულ სიტუაციებს, საწვავის გაძვირებას, არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას, მუშა ხელის გაძვირებას თუ პროდუქციის დეფიციტს.
ეს საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ჩემი აზრით, ამ კუთხით სახელმწიფომ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ თუნდაც იმპორტირებული საქონლის შემოყვანაზე შეღავათიანი რეჟიმი დააწესოს, ვგულისხმობ იმას, რომ არ იყოს დღგ სრული და იყოს შეღავათიანი განაკვეთი, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ფასებზე.
ამას შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ მწარმოებლებზე, იმიტომ რომ შეიძლება მათ სარეალიზაციო ფასი შეუმცირდეთ, აქედან გამომდინარე აქ რაღაცა ოქროს შუალედია სანახავი”, - აცხადებს ბიძინა გონაშვილი.
მეცხოველეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას იზიარებს აგროინდუსტრიული ჯგუფის მრჩეველიც.
“სანამ ქვეყანაში რეპროდუქცია/დაბადება/გაზრდა მოხდება საქონლის, მანამდე დროებით მაინც რომ მოხდეს მხარდაჭერა შესაძენ იმპორტირებული საქონლის შემოყვანაზე, ეს დააბალანსებს იმ ნაკლოვანებას, რაც აქვს ამ წუთში ქვეყანას. ვფიქრობ, ეს მისცემდა გარკვეულ შეღავათს და სტაბილურობას ხორცის ბაზარს”, - აცხადებს bm.ge-სთან ნარგიზ ზიბზიბაძე, აგროინდუსტრიული ჯგუფის მრჩეველი.




























