მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებულზე მაღალი ხარისხის საღებავის დამზადება შეგვიძლია - ქართული საწარმო

63ede2a53a22e
სალომე ხიდურელი
19.02.23 00:14
2870
ქართული სამხატვრო საღებავების საწარმო „ფერი“ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი გოგა გულორდავა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია ცდილობს, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენცია გაუწიოს.

„ფერის“ სამხატვრო საღებავები ერთადერთი ადგილობრივი წარმოებაა, იმპორტული პროდუქცია კი არაერთი გვაქვს. ჩემი მიზანია, ქართველ მხატვრებს არ მოუწიოთ შემოტანილი პროდუქტის ყიდვა მაშინ, როდესაც საქართველოშივე შეგვიძლია, დავამზადოთ მაღალი ხარისხის საღებავები, თანაც უკეთეს ფასად.
იმპორტული საღებავების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის“, - ამბობს გოგა გულორდავა.

კომპანიის ასორტიმენტზე საუბრისას, „ფერის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გარდა საღებავებისა, ბრენდი მომხმარებელს სხვა სახატავ საშუალებებსაც სთავაზობს.

„მომხმარებელს მაღალი ხარისხის ზეთისა და აკრილის სამხატვრო საღებავებს ვთავაზობთ, ასევე ვაწარმოებთ ლაკს, გამხსნელებს და ა.შ. ამჟამად გვაქვს 40-მდე პიგმენტი, გაყიდვაში კი 20 სხვადასხვა ფერის ზეთისა და 10 ფერის აკრილის საღებავი გვაქვს ჩაშვებული. საღებავისთვის პიგმენტები უცხოეთიდან ჩამოგვაქვს და რეალიზაციამდე ვტესატავთ, რათა ხარისხში დარწმუნებულები ვიყოთ.

ჩვენი საწარმო ნახევრად ავტომატიზირებულია: საღებავების დამუშავება ხდება სპეციალური დანადგარებით, ხოლო ტუბებში ჩამოსხმა და ეტიკეტირება - ხელით“, - განმარტავს გოგა გულორდავა.

რაც შეეხება „ფერის“ საღებავების რეალიზაციას, დამფუძნებელი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე იყიდება.

„პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ონლაინ, ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებიდან შეუძლიათ, თუმცა, უკვე ბევრი მაღაზია ინტერესდება ჩვენი საღებავების მათთან განთავსებით. ფასებს რაც შეეხება, მინიმალურია და ახლოს არის თვითღირებულებასთან.

"გვაქვს სურვილი, ახლო მომავალში „ფერის“ საღებავები ექსპორტზეც გავიდეს, რომ უცხოელებს ქართული ხარისხი ვაჩვენოთ“, - აღნიშნავს გოგა გულორდავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები