ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას მიაჩნია, რომ მთავრობის იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული სტრატეგია "აბსოლუტური უაზრობა და მავნებელია ჩვენი ქვეყნისთვის". ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაცხადებულ პოლიტიკას გიორგი ქობულია BMG-ს გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში გამოეხმაურა.
„უდავოა, რომ ადგილობრივი წარმოების წახალისება ეს არის პრიორიტეტი ჩვენი ეკონომიკის განვითარების. ამაზე დავა არც კი შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია, თუ რა ტიპის წარმოებებს წავახალისებთ. ჩემი აზრით, იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული სტრატეგია ჟღერს პოპულისტურად, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ უტოპიურია და რთულად შესასრულებელი.
იმპორტზე ორიენტირებული წარმოების წახალისება ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა წავახალისოთ კომპანიები, რომლებიც გათვლილია შიდა ბაზარზე, ხოლო ჩვენი შიდა ბაზარი არის საკმაოდ მცირე. ანუ, უმეტესწილად, ასეთი კომპანიები, რომლებიც მუშაობენ შიდა ბაზრისთვის, ვერასდროს მიაღწევენ იმ ეფექტურობას, რომელიც საჭიროა დოვლათის შექმნისთვის. ასევე, ჩვენ როგორც ქვეყანას შეგვიძლია ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგიის დანერგვა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ ბევრად მეტი დოვლათი“, - განაცხადა ქობულიამ და მაგალითად მოიყვანა სოფლის მეურნეობის და კვების მრწეველობის სფეროები.
„სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა მიწები, ეს მიწები ძალიან კარგად გამოდგება, რომ მოვიყვანოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, ხილი, ბოსტნეული. ექსპორტზე ორიენტირებულ სტრატეგიას თუ მივყვებით, ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროდუქციის მოყვანას, იმისთვის, რომ პროდუქტი გავიტანოთ გარეთ და მივიღოთ შემოსავალი ვალუტაში. ამ შემოსავლებით ბევრად მეტი პროდუქციის ყიდვას შევძლებთ, რომელსაც ქვეყანაში არ ვაწარმოებთ. მაგალითად ავიღოთ ხორბალი. ხორბლის წარმოებისთვის მიწების დათმობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი მიწა არ გვაქვს, ხოლო თუ ჩვენ მოვიყვანთ ხილს, ბოსტენულს, რაზეც უპირატესობა გვაქვს, გავიტანთ ექსპორტზე და ექსპორტის შემოსავლებით ვიყიდით ბევრად მეტ ხორბალს, ვიდრე შევძლებდით ჩვენს მიწებზე ხორბლის მოყვანას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოს ღია ეკონომიკის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ბაზარი არის ძალიან მცირე.
„ჩვენ რომ ვიყოთ იაპონია და აშშ, ვიტყოდით, რომ იმპორტის ჩანაცვლება შეგვიძლია, მაგრამ არც ასეთ დიდ ქვეყნებს არ აქვთ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგია. ექსპორტზე და უპირატესობებზე ორიენტირებული სტრატეგია ბევრად გამოცდილია და უკეთესი საქართველოსთვის. ჩვენ შეიძლება დავეხმაროთ განსაზღვრულ სექტორებს, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ აზრიანად ვაწარმოოთ ადგილობრივად, მაგრამ სტრატეგიის ორიენტირება იმაზე, რომ იმპორტჩანაცვლებაზე გადავიდეთ, იქნება აბსოლუტური უაზრობა და მავნებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.