ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია მმართველ გუნდს მოუწოდებს, ე.წ. რუსული კანონი გააუქმოს.
როგორც ქობულიამ BMG-ის განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაცია ექნება, „ქართული ოცნება“ დასავლურ კურსს უნდა დაუბრუნდეს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა გააუქმოს.
„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, [რუსული] კანონი გააუქმონ. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ კანონის მიღება ზიანის გარდა არაფერს მოგვცემდა და ვნახეთ, რომ ეს ასეც იყო. ეს კანონი უნდა ამოიღონ, მას არანაირი აზრი და გამოყენება არ აქვს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მსგავსი კანონი მხოლოდ აბსოლუტურად ტოტალიტარულ ქვეყნებში მუშაობს. ჩვენთან ამ კანონს ისე ვერ აამოქმედებ, როგორც ამის აზრია ჩადებული. ამ კანონმა შეიძლება რუსეთში იმუშაოს, საქართველოში, სადაც თავისუფალი მედიაა და პრინციპში, დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონეა, ასეთ კანონს ვერ აამუშავებ, უაზრობაა. მას მხოლოდ ის ზიანი მოაქვს, რაც მან დღევანდელ ხელისუფლებას და მთლიანობაში ქვეყანას მოუტანა.
მმართველი ძალა უნდა შეტრიალდეს დასავლეთისკენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ესაუბრონ და მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რომ იმ ვექტორზე დავბრუნდეთ, სადაც სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ მაინც ვიყავით“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, 16 მედია ორგანიზაცია, 120 არასამთავრობო ორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირი "რუსულ კანონს" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.
ამასთან, "რუსული კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, 32 ოპოზიციონერი დეპუტატის, 122 არასამთავრობო და 2 მედია ორგანიზაციის.