გასული წლის ბოლოს სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუპერმარკეტებში სასურსათო კვერცხის დეფიციტი გაჩნდა. მიზეზად მწარმოებლები იმპორტის მნიშვნელოვან კლებას ასახელებდნენ, რაც, თავის მხრივ, თურქეთიდან აშშ-ში გასული კვერცხის დიდი რაოდენობით აიხსნებოდა.
პარალელურად, 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში კვერცხის იმპორტი წლიურად 3130%-ით, 11.4 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა, ერთეულზე 8 ცენტის ღირებულებით.
მეფრინველეობა "კუმისის" დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ბაზარზე არსებული დეფიციტის იმპორტით შევსება გამოწვევაა. როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, იაფი იმპორტი ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნას შეამცირებს.
"კარგად ვიცით, რომ კვერცხი არის მგრძნობიარე პროდუქტი, ის 21 დღეში აუცილებლად უნდა გაიყიდოს. თურქეთიდან კი კვერცხი წლების განმავლობაში შემოდიოდა. მოდი ასე ვთქვათ და ვიგულისხმოთ, რომ გარედან რამდენი კვერცხიც არ უნდა შემოვიდეს, ეს პროდუქცია ყოველთვის გაიყიდება. ვერ ვიტყოდი, რომ სახელმწიფო ცდილობს ეს დააბალანსოს.
თუ ჩავხედავთ საქსტატის მონაცემებს, ნამდვილად ვიტყვი, რომ მეფრინველეობა ერთ-ერთი დარგია დღეს საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მოთხოვნის 96-97%-ს აკმაყოფილებს. იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან შემოვა კვერცხი. თუ ის იქნება იაფი - და გაცილებით იაფია იმპორტული ყოველთვის, 20, 15, 20, 30%-ით - ის ყოველთვის გაიყიდება და ჩაანაცვლებს ადგილობრივ პროდუქციას. ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება ნიშნავს იმას, რომ თუ იმპორტული სტანდარტულად, სტაბილურად შემოდის თვეების განმავლობაში, ჩვენ წარმოებას ვგეგმავთ არა ისე, რომ მოთხოვნა 100%-ით დავაკმაყოფილოთ, არამედ ნაკლებით, რადგან ნამდვილად გვეცოდინება, რომ თურქეთიდან შემოვა", - განმარტა გოგიტა მაისურაძემ.
"კუმისის" დირექტორმა დეკემბრის დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვერცხის მოხმარება ამ თვეში ისედაც მაღალია, რასაც თურქეთიდან აშშ-ში მზარდი იმპორტი დაემატა.
"2025 წელს თურქეთმა აშშ-სკენ მიმართა იმპორტი, იქ არსებული კვერცხის სერიოზული დეფიციტის გამო. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2025 წლის დეკემბერში, წინა თვეებთან შედარებით, მიზერული რაოდენობა შემოვიდა. შესაბამისად, ეს პატარა დეფიციტი გამოიწვია იმან, რომ არ შემოვიდა ის რაოდენობა, რასაც მიჩვეული ვიყავით. დღეს კარგად შეგვიძლია ვნახოთ, რომ სუპერმარკეტებში, სხვადასხვა ქსელებში, კვერცხი კარგად არის წარმოდგენილი, ნორმალურ მდგომარეობაში. მე დეფიციტსაც ვერ დავარქმევდი, უფრო აჟიოტაჟი იყო და ისიც გავითვალისწინოთ, რომ დეკემბერში რადიკალურად იზრდება კვერცხის მოხმარება", - ამბობს გოგიტა მაისურაძე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველომ 11.04 მილიონი ერთეული კვერცხი შეიძინა, საერთო ღირებულებით: $894.5 ათასი დოლარი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3130%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
თუ ციფრებს შევადარებთ, 2024 წლის დეკემბერში ქვეყანაში იმპორტირებული იყო მხოლოდ 342 ათასი კვერცხი, 33.7 ათასი დოლარის ღირებულებით. შესაბამისად, ერთი ცალი კვერცხის ფასი მაშინ საშუალოდ 9 ცენტი იყო, 2025 წლის დეკემბერში კი დაახლოებით 8 ცენტი, გადასახადების გარეშე.
ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში კვერცხი ძირითადად თურქეთიდან და ბელარუსიდან შემოვიდა.
რაც შეეხება სრულ 2025 წელს, შარშან საქართველომ 15 936 000 ცალი სასურსათო კვერცხი იყიდა, ჯამში $1.2 მლნ დოლარის ღირებულების.




























