მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოელი ტურისტების ნაწილი საქართველოში ვერ შემოდის - რა გამოსავალს ხედავს ბიზნესი?

64b1417b5924c
ანუკა ჯოხაძე
14.07.23 16:59
891
ფოტო: კახა მჭედლიძე

აზიის ქვეყნებიდან ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობა გამოწვევად იქცა - ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების ნაწილს საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ. პრობლემა, რომელიც თითქოს მოგვარდა, ბოლო 2 კვირაა ისევ გამწვავდა. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში ისედაც მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა, მსგავსი პრობლემები არ უნდა იქმნებოდეს. ბიზნესი ინდოეთის ბაზრის დაკარგვის რისკებზე საუბრობს და სახელწმიფოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.


საკითხს BM.GE-თან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ ამ პროცესში მთავარი არსი არის ის, რომ მაქსიმალურად სინქრონიზებული იყოს ინდუსტრია იმ მოთხოვნებთან, რაც საზღვრის კვეთისას ინდოელ ტურისტს სჭირდება.

ქვრივიშვილის განმარტებით, დღეს ბევრი შემთხვევაა, როცა მოგზაურს ან არასწორი კატეგორიის ვიზა აქვს ან დოკუმენტები თუ ფინანსური მხარე ვერ უდასტურდება. ქვრიშვილი ამბობს, რომ ეს სისტემური პრობლემა არ არის, რადგან ქვეყანაში ისედაც ბევრი ინდოელი ტურისტი შემოდის.

სასტუმროების ფედერაციის თავჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით დღეს პრობლემები ხშირია.

“6-7 დღის წინ 4 ტუროპერატორი მოგვყავდა და 3 უკან გააბრუნეს. წარმოიდგინეთ ტუროპერატორს, რომელსაც აეროპორტიდან აბრუნებენ, საერთოდ აღარ უნდა ტურისტების უკან შემოყვანა. იმის ფონზე, რომ ჩვენ აგვისტოდან ინდოეთში პირდაპირ ფრენებს ვიწყებთ და საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ინდოეთის ტურისტულ კომპანიებში, აქ რომ ტურისტები ჩამოიყვანონ, ეს არასწორი სიგნალია მათთვის”, - აცხადებს ალავერდაშვილი.

ალავერდაშვილის თქმით, გამოსავალი პროცესში კერძო სექტორის ჩართვაა, რომელსაც აზიის ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანაზე თავისი წილი პასუხისმგებლობაც დაეკისრება.

“საზღვარზე ყველაზე დიდი პრობლემები დგას ინდოელ ტურისტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა რაც არის ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, ის უნდა დაინერგოს აქაც. ეს არის ის, როცა ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ კვალიფიციური ტურისტული კომპანიის სტატუსი, რის შედეგადაც ტურისტული კომპანიები იღებენ ვალდებულებას შემომყვან ტურისტებზე და ყველა შემოყვანილი ტურისტი, რომელიც მათ შემოიყვანეს, ისევე უნდა დააბრუნონ თავის სახლში. ტურისტული კომპანია ხდება გარანტორი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში არ დარჩებიან და არალეგალური მიგრაცია არ განხორციელდება. ეს არის ყველაზე გამოცდილი პრაქტიკა, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს და იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც”, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები