მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების დადებისთვის ემზადებიან

ინდოეთი და ევროკავშირი

ინდოეთი და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების დადებისთვის ემზადებიან. როგორც უცხოური მედია წერს, მხარეები მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე არიან გადასულები, რისი დასრულების შემდეგაც სამშაბათს, 27 იანვარს ნიუ დელი ინდოეთ-ევროკავშირის ერთობლივ სამიტს უმასპინძლებს.

სავარაუდოა, რომ შეთანხმებას ხელი სწორედ ამ დღეს მოეწერება, რადგან შეხვედრა ნარენდრა მოდისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორისაც არის დაგეგმილი. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო გარიგება სრულყოფილად ძალაში ხელმოწერიდან და რატიფიცირებიდან 1 წელიწადში შევა. ორი მსხვილი ეკონომიკა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მომსახურების, ასევე საცალო ვაჭრობის კუთხით გეგმავს. კერძოდ, აქცენტი ყოველდღიური მოხმარების პროდუქციაზე და IT სექტორზე გამახვილდება.

ამჟამინდელი მოცემულობით, სავაჭრო გარიგების დოკუმენტში გაწერილი არ იქნება ინვესტორების დაცვის მექანიზმები, რადგან ამ მხრივ არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ, შესაძლოა, პროცესი კიდევ უფრო გაწელოს. შესაბამისად, შეთანხმების მიუხედავად, მსხვილი ინვესტიციების დაანონსება მოსალოდნელი არ არის.

ახალი ეკონომიკური კავშირის დამყარება და მეტი დივერსიფიცირება ინდოეთისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ ამერიკული ტარიფების გამო სერიოზული დარტყმა მიიღო და ეს ყველაზე მეტად ძვირფასეულისა და ტექსტილის წარმოებაზე აისახა. განსხვავებული ბაზრის ათვისებითაა დაინტერესებული ევროკავშირიც, რომელმაც თვის დასაწყისში მერკოსურთან, სამხრეთ ამერიკის წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოების გაერთიანებასთან 25-წლიანი მოლაპარაკებები დაასრულა და 17 იანვარს შეთანხმებას ხელიც მოაწერა. ევროკავშირი ასევე დაინტერესებულია ჩინეთზე დამოკიდებულის შემცირებით, რაც წლების განმავლობაში ოფიციალური ბრიუსელისთვის სტრატეგიულ გამოწვევად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები