მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები სრულად შეჩერებულია - "ვინგელთი"

ტურისტები

ინდოეთის ბაზრიდან ჯავშნები მასობრივად გაუქმდა და ეს ბაზარი, პრაქტიკულად, გაჩერებულია - ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი ანა კირკიტაძე აცხადებს.

მისი თქმით, ინდოეთიდან შემომყვანი ტურიზმის კუთხით გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ანა კირკიტაძის თქმით, ქვეყანა 200-დან 400 კაცამდე შემადგენლობის ჯგუფებს მასპინძლობდა, ხოლო წელს, ივლისში 1800-კაციანი ჯგუფის მიღება იგეგმებოდა. თუმცა, დღეისათვის ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

„სამწუხაროდ, ომის გამო და გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად ფრენები აღარ არის, ინდოეთიდან ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ყველა ჯგუფი გაუქმებულია. ინდოეთის ბაზარი ძირითადად, „ინდიგოს“ პირდაპირი ფრენებით სარგებლობდა დელიდან და მუმბაიდან, რაც ახლა შეჩერებულია.

ვიდრე ირანის ცა არ გაიხსნება და სრულად არ აღდგება, „ინდიგო“ ფრენებს არ განაგრძობს. სხვა ავიახაზები, როგორიცაა „ფლაი დუბაი“ და „ეარ არაბია“, ნელ-ნელა იწყებენ აღდგენას, თუმცა, არა იმ ინტენსივობით, რაც გვქონდა. ახლა ძველი სიხშირის დაახლოებით მეოთხედია აქტიური“ - ამბობს ანა კირკიტაძე BMG-სთან.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის, კომპანია სხვა ბაზრებზე გადართვაზე მუშაობს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და რამდენიმე თვეში შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

„მიმართულების შეცვლა და ახალი ბაზრის შემოყვანა არ არის მარტივი საქმე. ამას თვეების მუშაობა სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვათ, აქამდე ინდოეთიდან იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ სხვა ბაზარზე ფიზიკურად არც ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, დავიწყეთ სხვა მიმართულებებზე ფიქრი, მაგრამ ეს პროცესი 2-3 თვეში ვერ გადაეწყობა“ - ამბობს ანა კირკიტაძე.

რაც შეეხება გამყვან ტურიზმს, აქ ვითარება შედარებით სტაბილურია. ზაფხულის სეზონზე ქართველი მომხმარებლები ძირითადად ხმელთაშუა ზღვის აუზის კრუიზებით ინტერესდებიან.

„უმეტესად კრუიზებზე ვართ ორიენტირებულები, სადაც ქართველები ხშირად დადიან. ამ კუთხით შეფერხება არ არის, რადგან ევროპის ფრენები უპრობლემოდ სრულდება. თუმცა, აქაც იგრძნობა ფასების მზარდი დინამიკა - საწვავის გაძვირების გამო ბილეთები გაძვირებულია. ვფიქრობ, სანამ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება, ფასები კვლავ გაიზრდება“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.

2026 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის ცნობით, წინა ორი თვის შემცირების შემდეგ, წელს, იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლებმა ჯამურად, 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში სახეზეა შემცირება -2.1%-ით, რაც გამოწვეული იყო ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით. ორგანიზაციის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ დოლარს მიაღწევს. "თიბისი კაპიტალის" ცნობით კი, საქართველოს აეროპორტებში მაისში დატვირთულობა გააქტიურდა და ის 2025 წლის მაისის მაჩვენებლებთან ახლოსაა. მარტსა და აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისმა, დაახლოებით, 170 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები