მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრიზისული პერიოდი დავძლიეთ და ამჟამად, ტურისტულ პიკში ვიმყოფებით - "ჩექინ თრეველი"

ტურიზმი, მოგზაურობა

ტურიზმის სექტორმა კრიზისული პერიოდი დაძლია და ამჟამად აქტიურ პიკშია - ამის შესახებ BMG-სთან ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველის“ დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად საავიაციო საწვავის გაძვირებისა და გაზაფხულზე დაფიქსირებული მასობრივი გაუქმებისა, ტურისტული ინდუსტრია ზაფხულის სეზონს რეკორდული მაჩვენებლებით ხვდება - მარტსა და აპრილში განვითარებული მოვლენების გამო, ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა, თუმცა, როგორც ლევან ოსეფაიშვილი განმარტავს, მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ბაზარს მალევე დაუბრუნდა.

„აპრილის ბოლოდან, საკმაოდ აქტიურად წამოვიდა ჯავშნები ზაფხულის მიმართულებით. ცნობილი მოვლენების გამო, მარტი-აპრილის პერიოდში ჯავშნების ძალიან დიდი რაოდენობა გაუქმდა. თუმცა, ვინც ამ პერიოდში სახლში დარჩენა და დალოდება გადაწყვიტა, დღეისთვის, მათი 90-95% უკვე დაბრუნდა და ზაფხულის სეზონზე დაჯავშნა მოგზაურობა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნამდვილად პიკში ვიმყოფებით.

კრიზისული პერიოდი ნამდვილად აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, დინამიკა კიდევ უფრო აღმავალი იქნება. ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ, გასული წლის ნიშნულს მივაღწევთ და უფრო უკეთეს შედეგებსაც დავდებთ, ვიდრე ეს 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში იყო დაგეგმილი“ - ამბობს ოსეფაიშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, კომპანიამ მოახერხა ნაკადების დაბალანსება და იმ ტურისტების გადამისამართება, რომელთაც ფრენები გაუუქმდათ. განსაკუთრებული აქტივობა წელს ევროპის მიმართულებით და კრუიზებზე შეინიშნება.

ამასთან, ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად საავიაციო საწვავის ფასის ზრდა რჩება, რაც პირდაპირ აისახა ბილეთების ღირებულებაზე. განსაკუთრებით გაძვირდა შორეული, ტრანსატლანტიკური ფრენები.

„საავიაციო საწვავის გაძვირებამ დიდი სხვაობა მოგვცა. ზოგ ბილეთზე 40-50%-იანი, ზოგან კი 60%-იანი ფასნამატიც კი დაფიქსირდა. მინიმალური ზრდა 30%-ს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, რომელთაც საწვავის საკმარისი მარაგი ჰქონდათ, მოახერხა ფასების პირველადი ტენდენციის შენარჩუნება, რაც მოგზაურობას ჯერჯერობით ხელმისაწვდომს ხდის.

თუ ბიუჯეტი კონკრეტულ სასტუმროზე აღარ გვყოფნის, ვცდილობთ დავაბალანსოთ - ვთავაზობთ შედარებით დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს ან ალტერნატიულ მარშრუტებს, რათა მოგზაურობა მათთვის მისაღები დარჩეს“ - განმარტავს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი.

მისივე თქმით, კომპანიისთვის სტრატეგიულ ბაზრებად კვლავ უზბეკეთი და ყაზახეთი რჩება - „ჩექინ თრეველს“ ტაშკენტიდან ჩარტერული რეისები მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე აქვს დაგეგმილი.

„ჩვენი ძირითადი ბაზარი შემომყვანი ტურიზმის კუთხით, უზბეკეთი და ყაზახეთია. კვირაში ექვსი რეისი სრულდება თბილისსა და ბათუმში. ეს არის აწყობილი, ძირითადად, ერთკვირიანი ტურები, რომლებიც მოიცავს თბილისს, ბორჯომს, კახეთსა და აჭარის რეგიონს. მოთხოვნა ძალიან მაღალია“.

ცნობისთვის, 2026 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. Galt & Taggart-ის ცნობით, წინა ორი თვის შემცირების შემდეგ, წელს, იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლებმა ჯამურად, 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში სახეზეა შემცირება -2.1%-ით, რაც გამოწვეული იყო ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით. ორგანიზაციის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ დოლარს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები