ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ქალაქზე ჩამოწოლილი ტოქსიკური სმოგის გამო შეზღუდულია ხილვადობა და ნავარაუდებია, რომ ნიუ-დელიში ჩანიშნული ავიარეისები გადაიდება ან გაუქმდება - ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
IQAir-ის ჰაერის ხარისხის ინდექსით, რომელიც ლაივ-რეჟიმში ახლდება, დელიმ პირველადგილოსან ქალაქს, პაკისტანში არსებულ ლაჰორს გადაასწრო და 1000 ქულიანი შეფასება მიიღო. ინდექსის თანახმად, თუ შეფასება 301 ქულას აღემატება, ქალაქს “სახიფათო” სტატუსი ენიჭება.
ინდოეთის დედაქალაქი ჰაერის დაბინძურების დონის ზრდას ყოველ ზამთარს აფიქსირებს. საქმე ისაა, რომ პერიფერიებში განთავსებული არალეგალური საწარმოები და მძიმე ჰაერი, რომელიც მტვერსა და ნახშირორჟანგის ემისიებს აკავებს, ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებას იწვევს.
IQAir-ის მონაცემებით, დელიში PM2.5-ის კონცენტრაცია ჰაერში 120-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ რეკომენდებულ დონეს. PM2.5 კი იმდენად მცირე ზომის ნაწილაკია, რომ მისი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა და დაავადებების გამოწვევა გაცილებით მარტივად ხდება.
თავად ინდოეთის შესაბამისი უწყებები აცხადებენ, რომ ინდოეთში ჰაერის დაბინძურების დონე 350-ია, სახიფათო დონედ კი ეროვნული მასშტაბით 400-ია განსაზღვრული. მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბინძურებისა და ნისლის გამო ქალაქში ხილვადობა 100 მეტრამდეა შემცირებული, რის გამოც ინდირა განდის სახელობის აეროპორტში შესაბამისი პროტოკოლი ამოქმედდა.
ტოქსიკური ნისლის შენარჩუნების შემთხვევაში, ქალაქის გარემოს დაცვის მინისტრი ჰაერის გასაწმენდად ხელოვნურ წვიმას გამოიყენებს. მანამდე კი დელის ზოგიერთ ნაწილში დაკეტილია სკოლები და შეზღუდულია გადაადგილება კერძო ავტომობილებით.