მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა G20-ის სამიტის მოსაწვევები ქვეყნის შეცვლილი სახელით გააგზავნა

ინდოეთი G20

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნერენდა მოდის გადაწყვეტილებას, დიდი ოცეულის სამიტის ოფიციალურ მოსაწვევებზე, პრეზიდენტის სახელით, ინდოეთი ბჰარატის სახელით მოეხსენიებინათ, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ბჰარატი ინდოეთის სახელწოდებაა ჰინდი ენაზე. 

პრეზიდენტ დრაფადი მურმუს სადილზე ოფიციალურ მოწვევაში, რომელიც მსოფლიო ლიდერებს გაეგზავნათ, იგი მოხსენიებული იყო როგორც “ბჰარატის პრეზიდენტი”. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა ოპოზიციის ლიდერები მის მიზანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ინდოეთის ოფიციალურ სახელად ბჰარატის გამოცხადების შესახებ, დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ამ ცვლილებას არ ადასტურებს. 

ჯერჯერობით ყველა ოფიციალურ პლატფორმაზე მმართველი პარტია “ინდოეთის მთავრობის” სახელითაა მოხსენიებული, მურმუ სოციალურ ქსელებში კი კვლავ “ინდოეთის პრეზიდენტის” ტიტულს ატარებს. 

ამის მიუხედავად, ინდოეთი მოსაწვევებში “ბჰარატად” მას შემდეგ იქცა, რაც მოჰან ბჰაგვატმა, მმართველი პარტიის იდეოლოგიურმა მენტორმა განაცხადა, რომ ქვეყანა ოფიციალურად უნდა ატარებდეს ბჰარატის სახელს. 

“ზოგჯერ “ინდოეთს” იმისთვის ვხმარობთ, რომ ინგლისურად მოსაუბრე ადამიანებმა ეს გაიგონ, თუმცა ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მისი გამოყენება. ქვეყნის სახელი - ბაჰრატი - შენარჩუნდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა წახვიდეთ”, - განაცხადა ბჰაგვატმა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სახელის ცვლილებისთვის მხარდაჭერა სოციალური ქსელებითაც გამოხატეს. ერთ-ერთი შტატის უფროსმა მინისტრმა X-ის (Twitter-ის) საშუალებით განაცხადა, რომ ინდოეთის ცივილიზაცია მკაფიოდ მიემართება “ოქრის ხანისკენ” - პერიოდისკენ, რომელსაც ქვეყნის ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ ქვეყნის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად და მიაჩნიათ, რომ 2047 წლისთვის ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იქნება. 

ცნობისთვის, დიდი ოცეულის წლევანდელი სამიტი ინდოეთის დედაქალაქში, დელიში გაიმართება. G20 მსოფლიოს 19 უმდიდრეს ქვეყანასა და ევროკავშირს მოიცავს და მის პრეზიდენტად წელს ინდოეთია არჩეული.