მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთის სასამართლომ Telegram-ის აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

telegram

დელის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პლატფორმა Telegram-ის სარჩელი ინდოეთის მთავრობის ბრძანების წინააღმდეგ, რომელიც საყოველთაო სამედიცინო გამოცდის ხელახლა ჩატარებამდე აპლიკაციის დროებით დაბლოკვას ითვალისწინებდა.

მიღებულ გადაწყვეტილებაში დელის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ტეჯას კარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები თანაზომიერი იყო და სრულად შეესაბამებოდა სამართლებრივ პროცედურებს.

სასამართლოს დადგენილებით, მესენჯერი 22 ივნისამდე დაბლოკილი დარჩება.

აკრძალვის გამო Telegram-ი ამჟამად გათიშულია. ამ ფაქტმა მიმდინარე წლის ყველაზე რეზონანსული სასამართლო დაპირისპირება გამოიწვია - გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტსა და ინდოეთის მთავრობას შორის.

Telegram-მა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ეჭვქვეშ დააყენა შეხვედრების შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებული ვერსია, მას "ცალმხრივი და არაზუსტი" უწოდა და აღნიშნა, რომ მასში "განზრახ" იყო გამოტოვებული დეტალები კომპანიის პროაქტიული ქმედებების შესახებ.

რატომ დაბლოკა ინდოეთის მთავრობამ Telegram-ი?

კვირას ინდოეთში მედიცინის მიმართულებით (NEET) ეროვნული მისაღები გამოცდა ჩატარდება - ტესტირება, რომელიც სტუდენტებმა ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო კოლეჯებში მოსახვედრად უნდა ჩააბარონ.

ეს გამოცდა ტარდება ერთი თვის თავზე მას შემდეგ, რაც წინა ტესტირების შედეგები საგამოცდო კითხვების წინასწარ გაჟონვის თაობაზე არსებული ბრალდებების გამო გაუქმდა.

ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ Telegram-ი მიმდინარე კვირაში იმ არხების გამო დაბლოკა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გასაყიდად ჰქონდათ მოახლოებული გამოცდის კითხვები.

"კითხვები ყალბიც რომ ყოფილიყო, ეს მაინც გამოიწვევდა კანდიდატების მოტყუებას",- აცხადებენ მთავრობაში.

Telegram-ი ინდოეთში სწრაფ ზრდას აჩვენებს, რის გამოც ქვეყანა ჩამოტვირთვების მიხედვით მისი უდიდესი ბაზარი გახდა, თუმცა წამყვან მესენჯერად კვლავ "ვოტსაპი" (WhatsApp) რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები