მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთმა ირანთან დაკავშირებული 3 ნავთობ-ტანკერი შეიპყრო

ტანკერი

ინდოეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ირანთან დაკავშირებული ნავთობ-ტანკერები შეიპყრო. საუბარი 3 ხომალდზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დასანქცირებული ჰყავს.

საზღვაო პოლიციის დეპარტამენტში გემების მიმართ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ დედაქალაქ მუმბაიდან 185 საზღვაო კილომეტრის მოშორებით ხომალდების საეჭვო აქტივობა დააფიქსირეს.

კერძოდ, ისინი ერთ კონკრეტულ ადგილას იყვნენ გაჩერებულები და ელოდებოდნენ ინდოეთის პორტიდან გამოსულ ნავთობ-ტანკერებს, რომლებშიც სანქცირებული წიაღისეული საწვავის ტრანსპორტირება იგეგმებოდა.

ამ გზით აშშ-ის მიერ დასანქცირებული ხომალდები თავს აარიდებდნენ პორტში შესვლას და დოკუმენტაციის შემოწმების გამკაცრებულ პროცედურებს. სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, მათ დასახელებული ხომალდების, Stellar Ruby-ს, Asphalt Star-ისა და Al Jafzia-ს მიმართ ეჭვები ადრეც ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც შტატების უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალა სადაზვერვო ოპერაციიდან მიღებულ გამოსახულებას დაემთხვა, მიხვდნენ, რომ საქმე სწორედ სანქცირებულ გემებთან ჰქონდათ.

ირანთან დაკავშირებული 3 ნავთობტანკერის გამოვლენისა და დაკავების შემდეგ ოფიციალურმა ნიუ დელიმ საზღვაო აკვატორიაში კონტროლი მკვეთრად გაამკაცრა. სანაპიროების გასაკონტროლებლად 55 საპატრულო ნავი და 12 ხომალდი გაიგზავნა. ისინი მთლიან აკვატორიას 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. ოფიციალური თეირანი უკვე გამოეხმაურა ინდოეთის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ მათთან დაკავშირებული ხომალდების დაკავებას. სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ იმ ხომალდებთან, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიულ წყლებში შეიპყრეს.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებული “ჩრდილოვანი ფლოტის” ხომალდების დაკავება დროში ემთხვევა ოფიციალური ნიუ დელისა და ვაშინგტონის ურთიერთობების დაახლოებას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავს ნაბიჯს ინდოეთის ხელისუფლება სავაჭრო შეთანხმების დადებამდე არ გადადგამდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია მათ მიმართ საკმაოდ მკაცრ სატარიფო პოლიტიკას ატარებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები