ინდონეზიის ხელისუფლებამ ქვეყანაში iPhone 16-ის სერიის სმარტფონების გაყიდვა აკრძალა, რაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება. ინდონეზიის ინდუსტრიის სამინისტროს ინფორმაციით, Apple-მა აიღო ვალდებულება, ქვეყანაში $108 მილიონი ჩაედო, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ $95-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, Apple-მა ქვეყანაში ქარხანაც უნდა ააშენოს, მაგრამ ეს საკითხი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ დაძრულა.
ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმდიდრესი სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $1 ტრილიონს შეადგენს. ამჟამად, ქვეყანაში დაახლოებით 350 მილიონი მობილური ტელეფონი ირიცხება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ინდონეზიის 270-მილიონიანი მოსახლეობა. ამ ბაზარზე განვითარება Apple-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ დღევანდელი მონაცემებით, ის სმარტფონების მწარმოებელ ექვს საუკეთესო ბრენდებს შორისაც კი არ ირიცხება ინდონეზიის მასშტაბით.
გამოდის, რომ ინდონეზიის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ამერიკულ კომპანიას პრობლემები შეუქმნას, რადგან Apple-ის კონკურენტებმა, მათ შორის Samsung-მა და Xiaomi-მ ქვეყანაში ქარხნები უკვე ააშენეს. თავად კანონი, რომელიც კომპანიებს ამას აიძულებს, ინდონეზიის ხელისუფლებამ 2017 წელს მიიღო. ამასთან, ინდონეზიაში მოქმედებს კანონი, რომელიც საზღვარგარეთ ნაყიდი ყველა სმარტფონის დარეგისტრირებას მოითხოვს.