საინჟინრო და სამშენებლო ინდური კომპანია, Apollo Green Energy, მომდევნო წლებში 500-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აშენებასა და ადგილობრივ ბაზარზე სხვა მასშტაბურ პროექტებს აანონსებს - ამის შესახებ კომპანიის CEO-მ Reuters-ს თავად განუცხადა.
სანჯეი გუპტას თქმით, კომპანია, რომლის მთავარი მიმართულებაც განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობაა, ამჟამად 35 მილიარდ რუპიად შეფასებულ პორფოლიოს ფლობს და იმედოვნებს, რომ ფისკალური წლის ბოლომდე მის მოცულობას 100 მილიარდ რუპიამდე გაზრდის. ამასთან, CEO-ს ინფორმაციით, კომპანია საჯაროობაზეც მუშაობს.
"აქტიურდ ვაკვირდებით ბაზრის ტენდენციებს და ვმუშაობთ ფინანსურ კონსულტანტებთან, რათა IPO-სთვის სამართლიან ღირებულებაზე შევთანხმდეთ", - ამბობს ის.
Reuters-ის ინფორმაციით, აქციების გამოშვება Apollo Green Energy მომდევნო 3-4 თვეში გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმა ინდურ კომპნიებში IPO-ების ზრდისა და განახლებადი ენერგიის განვითარების ფონზე შედგა. პროგნოზის თანახმად, ინდოეთი 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის სიმძლავრეს 500 გიგავატით გაზრდის. ამჟამად ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 154 GW-ა.
CEO-ს ინფორმაციით, Apollo Green Energy ამჟამად მზის ენერგიის 400-მეგავატიან პროექტსა და სხვა საინჟინრო პროექტებზე მუშაობს, თუმცა კომპანიის გეგმაში ქარისა და მწვანე წყალბადის, ასევე ენერგიის შემნახავი ინფრასტრუქტურის მშენებლობაცაა.
Apollo Green Energy-ის შემოსავალი, წლიურ ჭრილში, 71%-ით გაიზარდა - 2024 წლის მარტის ჩათვლით კომპანიის შემოსავალმა 11.75 მილიარდი რუპია შეადგინა.