ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს“ შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობითვე, დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას“ - განაცხადა "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში 4.15 მლნ დოლარს გადაიხდის.
Hindustan Silichine Private Limited წარმოადგენს ინდურ მულტი-ბიზნეს ჰოლდინგს, რომელიც ნავთობის მოპოვებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით საქმიანობს.
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს“-ის დირექტორმა ხიტიშ კუმარ ნაიაკმა.




























