უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენის, მუკეშ ამბანის საკუთრებაში არსებულმა კონგლომერატმა, Reliance Industries-მა, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს ფლობს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისგან ვენესუელური ნავთობის პირდაპირი შესყიდვისთვის უფლება მიიღო.
ლიცენზია კომპანიას საშუალებას აძლევს, გვერდი აუაროს შუამავლებს და პირდაპირ შეიძინოს, გადაზიდოს და გადაამუშაოს ვენესუელური მძიმე ნავთობი, რომელიც თავისი შემადგენლობით იდეალურია Reliance-ის ჯამნაგარის ქარხნისთვის.
ექსპერტების შეფასებით, ამ ნაბიჯით ინდოეთი რუსული ნავთობის ჩანაცვლებას კიდევ უფრო იაფი ალტერნატივით ცდილობს, რომელიც ამჟამად ბაზარზე დიდი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი და აშშ-ის მთავრობა მის გასაღებას პროაქტიურად ცდილობს.
როგორც ცნობილია, ინდოეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ოფიციალურმა ნიუ-დელიმ აიღო ვალდებულება, რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკული და ვენესუელური რესურსებით ჩაანაცვლოს, რის სანაცვლოდაც ვაშინგტონმა ინდურ საქონელზე დაწესებული 25%-იანი სადამსჯელო ტარიფები გააუქმა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ლიცენზია ვენესუელისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩქარებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციას და ხელს უწყობს აშშ-ის მიერ დაგეგმილი $100-მილიარდიანი აღდგენის გეგმის განხორციელებას.
რაც შეეხება რუსეთს, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაშია კრემლის ინტერესებთან, რადგან მოსკოვისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ინდოეთსა და ჩინეთში ნავთობის რეალიზაციაა, რომლის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი და არასახარბიელო ხდება.




























