კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 7 ახალი პაციენტია გადაყვანილი, მათგან 1-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3 მოზარდია.
„ჩვენთან 7 ახალი პაციენტია, ერთი გვყავს კრიტიკული, ის არის მაღალი ასაკის პირი, აქვს თანმხლები დაავადებები. ამ ეტაპზე მდგომარეობა ჯერჯერობით ასეთია, ვნახოთ დინამიკა როგორი იქნება. ამ 7 პაციენტში არის 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, ერთი გაეწერა, ხოლო სამი დაგვემატა და 13-ვე მათგანის მდგომარეობა კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 16-ით, 582-მდე გაიზარდა.




























