დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პირველ მდგრად ნიშნებს უკვე ორშაბათი-სამშაბათისთვის ელის.
მისი ინფორმაციით, ამ დღეებში ჩანიშნულია ვებინარი და უფრო კონკრეტულად გამოჩნდება ამ პერიოდისთვის ვირუსის გავრცელების დაზუსტებული სტატისტიკაც. „ინფიცირების კლების მდგრად ნიშნებს ორშაბათი-სამშაბათიდან ველით“, - აცხადებს ის.
კითხვაზე - რას უკავშირდება ქვეყანაში ინფექციის აფეთქება, NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს ბევრ რამეს უკავშირდება და პირველ რიგში შეზღუდვების ნაადრევ შემსუბუქებას.
„გამომდინარე იქედან, რომ ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ხოლო ჩვენ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ, სადაც ადამიანებს დასაქმება და შემოსავალი სჭირდება მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემსუბუქება გახდა, იმისთვის რომ ადამიანები სამუშაოს დაბრუნებოდნენ. გარდა ამისა, აქამდე ჩვენ თავად ვერ ვითავისებდით რასთან გვქონდა საქმე და ამიტომაც ძალიან სწრაფად დავიწყეთ დერეგულაცია“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, ეპიდ-სიტუაციის აფეთქების მიზეზად გამყრელიძე მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაუცველობას ასახელებს.
„აუცილებელია პირბადის ტარება და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება, ეს არის მთავარი გამოსავალი. გუშინდელი ფაქტი, რომ გავიხსენოთ, გორის რაიონში გამართულ ქორწილს, 15-16 ადამიანის ინფიცირება მოჰყვა. ასეთი შემთხვევა კიდევ ბევრია და ვიცი, მაკრიტიკებთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი ბუსტერი, სწორედ დიდი თავშეყრები და თავყრილობებია, ამიტომ იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელი, რათა ყოველ დილას 59 გარდაცვლილი არ გვყავდეს“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




























