ბოლო წლებში სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრებზე ფასების ზრდა გლობალური მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცა როგორც მთავრობებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. COVID-19 პანდემიისა და შემდგომი ინფლაციის კომბინირებულმა ეფექტმა დღის წესრიგში დააყენა მაღალ ფასებთან ბრძოლის საკითხი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020-2024 წლებში სასურსათო პროდუქტებზე საცალო ფასების მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, რამაც 2022 წელს 12%-ს გადააჭარბა.

წყარო: https://www.worldbank.org/en/research/brief/inflation-database
საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო სხვადასხვა ზომები, მათ შორის:
-
- სურსათის გარკვეულ პროდუქტებზე დღგ-ს დროებითი შემცირება ან სრულად გაუქმება;
-
- გარკვეულ პროდუქტებზე მარჟის ზედა ზღვრის დაწესება - მწარმოებლისთვის, დისტრიბუტორისთვისა და საცალო რეალიზატორისთვის;
-
- ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნების შესახებ მემორანდუმების გაფორმება ბაზრის მოთამაშეებთან. ასეთი შეთანხმებით ბაზრის მოთამაშეები ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, რომ კონკრეტული სახის პროდუქციაზე ფასს არ გააძვირებენ, ან შექმნიან ე.წ. „სოციალურ კალათას“, რომლის ფარგლებშიც საბაზისო პროდუქტების თითოეული კატეგორიის ერთი პროდუქტი მაინც იქნება ხელმისაწვდომი “განსაკუთრებით” დაბალ ფასად;
-
- ფასების გამჭვირვალობის მექანიზმების ხელშეწყობა - იმისათვის, რომ მომხმარებლებს მარტივად შეეძლოთ ფასების შედარება და უდაბლესის არჩევა, კონკურენციის ორგანოს კი - დაწესებული რეგულაციების დაცვის ეფექტიანი კონტროლი;
-
- სუსტ მიმწოდებელსა და ძლიერ საცალო რეალიზატორს შორის (ასეთის არსებობისას) დაუბალანსებელი ურთიერთობის გარკვეულ დონეზე დარეგულირება, როგორიცაა გადახდის პირობები, მარკეტინგული და სხვა სახის ხარჯები, პროდუქციის უკან დაბრუნება, ფასის ცალმხრივი ცვლილება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგის ანგარიშში რეკომენდაცია გასცა საცალო ვაჭრობის ბაზრის სუსტი მოთამაშეების დამცავი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე.
ამ მრავალფეროვანი მიდგომების მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობაში მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მაინც კონკურენციის კანონია. ფასების ზრდის საკითხი კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება შეისწავლოს ორი მიმართულებით - კარტელური შეთანხმების ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ჭრილში.
FMCG სექტორში კარტელური შეთანხმებები თეორიულად შეიძლება იყოს როგორც ჰორიზონტალურ დონეზე, ასევე მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე (მაგალითად, დისტრიბუტორებსა და საცალო რეალიზატორებს შორის). ასეთი სქემების გამოვლენის მნიშვნელოვანი და გახმაურებული საქმეებია:

დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი შემთხვევაა „არასამართლიანი ფასის“ დადგენა ჭარბი ფასის განსაზღვრით. ევროპული კომისიის განმარტებით, ასეთ დროს დომინანტური კომპანია განსაკუთრებულად მაღალი და უსამართლო ფასების დაწესებით ისეთ მოგებას იღებს, რაც ვერ აიხსნება ლეგიტიმური საფუძვლით. ქვემოთ მოკლედ არის მიმოხილული ჭარბი ფასის შეფასების ტესტი.
ჭარბი ფასი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განმარტა, როგორც „ფასი, რომელსაც არ აქვს გონივრული მიმართება მიწოდებული პროდუქტის ეკონომიკურ ღირებულებასთან“. სასამართლოს პოზიციით, ასეთ შემთხვევაში პირს აქვს შესაძლებლობა „მიიღოს სარგებელი ვაჭრობიდან, რომელსაც იგი ვერ მიიღებდა ჩვეულებრივი და საკმარისად ეფექტური კონკურენციის არსებობის პირობებში“. CJEU-მ პირველად 1978 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში (United Brands v Commission) გამოიყენა ჭარბი ფასის შეფასების ორსაფეხურიანი ტესტი, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე უნდა შეფასდეს, ფასი არის თუ არა ჭარბი, ხოლო სიჭარბის დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს, ჭარბი ფასი არის თუ არა უსამართლო.
I ეტაპი - ფასი არის თუ არა ჭარბი?
არ არსებობს ერთი დადგენილი კრიტერიუმი, რომლის გამოყენებითაც შეიძლება შეფასდეს ფასი/მოგება გონივრულია თუ ჭარბი. ჩვეულებრივ, კონკურენციის სააგენტოს აქვს ფართო უფლებამოსილება, რომ გარემოებების სპეციფიკის შესაბამისად მიუსადაგოს თითოეულ საქმეს შეფასების მეთოდი - მათ შორის ე.წ. „ხარჯი პლუს მარჟის“ მეთოდი, კონკურენტ კომპანიასთან, პროდუქტთან ან სხვა ქვეყანასთან შედარების მეთოდი. პრაქტიკაში უპირატესად გამოიყენება მაინც “ხარჯი პლუს მარჟის” მეთოდი, რაც ემსახურება “საორიენტაციო გონივრული ფასის” დადგენას. “ხარჯი პლუს მარჟის“ მეთოდი შემდეგნაირია: საორიენტაციო გონივრული ფასის გამოსათვლელად კომპანიის პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს ემატება გონივრული მარჟა. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ფასი აღემატება „ხარჯი პლუს მარჟას“, შესაფასებელია, არის თუ არა აღნიშნული ნამეტის პროცენტული მაჩვენებელი „არსებითი“ და „საკმარისად მაღალი“ იმისათვის, რომ განსახილველი ფასი ჭარბად ჩაითვალოს. მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი მონაცემები:

პროდუქტის ფასის სიჭარბის დასადგენად შესაფასებელი იქნება პროდუქტის ფასსა და „ხარჯი პლუს მარჟას“ შორის 48%-იანი სხვაობა არის თუ არა არსებითი და საკმარისად მაღალი.
თავის მხრივ, გონივრული მარჟის ოდენობა ყოველ კონკრეტულ საქმეში უნდა განსაზღვროს კონკურენციის ორგანომ. მაგალითად, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია Aspen-ის საქმეში ევროკომისიამ მედიკამენტის გონივრული მარჟის გამოსათვლელად გამოიყენა კონკურენტი შედარებადი კომპანიების მონაცემები და დაადგინა, რომ Aspen ოპერირებდა არსებითად მაღალი ფასებით, რომელთა სხვაობაც „ხარჯი პლუს მარჟასთან“ საშუალოდ 280%-300% იყო. ასევე, Aspen-ის EBITDA მარჟა (80%-90%) მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონკურენტი კომპანიების მედიანურ მაჩვენებელს (23% EBITDA მარჟა).
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ერთ-ერთი მედიკამენტის ფასის შეფასებისას მიიჩნია, რომ სარეალიზაციო ფასსა და კონკურენციის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ „ხარჯი პლუს მარჟას“ შორის 16%-იანი სხვაობა არ იყო არსებითი, ხოლო შემდეგ წელს იმავე მედიკამენტზე 23.26%-იანი სხვაობა მიიჩნია არსებითად და ჭარბად.
რაც შეეხება ხარჯების დათვლის პრინციპს, ევროკომისია ითვალისწინებს პროდუქტთან დაკავშირებულ პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს. დადგენილი პრაქტიკით, პირდაპირი ხარჯი არის ის ხარჯი, რაც გაწეულია პროდუქტის წარმოების, მიწოდებისა და დისტრიბუციის პროცესში და უკავშირდება პროდუქტის გაყიდვებს. არაპირდაპირი ხარჯების ნაწილში მოიაზრება ყველა სხვა ხარჯი, რაც გონივრულ კავშირშია პროდუქტთან, მაგალითად, პერსონალის, ელექტროენერგიის, ოფისის ხარჯი და სხვა.
II ეტაპი - ჭარბი ფასი არის თუ არა უსამართლო?
მეორე ეტაპის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, ხომ არ არის კომპანიის მიერ დადგენილი ჭარბი ფასი განპირობებული რაიმე ობიექტურად ახსნადი გარემოებით, რაც ფასისა და ხარჯის შესწავლისას პირდაპირ არ ყოფილა ასახული - კომერციული რისკი, ინოვაცია, ინვესტიცია ან პროდუქტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ჭარბი ფასების საქმეებში მეორე ეტაპზე ჯერ არ დაუდგენია ისეთი გარემოებები, რაც მისი შეფასებით გაამართლებდა ჭარბ ფასს.
სახელმწიფოს მხრიდან ჭარბი ფასების კონტროლის ძირითად მეთოდად რჩება კონკურენციის კანონის ეფექტიანი აღსრულება. განსაკუთრებით საინტერესოა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისას ჭარბი ფასის შეფასების სტანდარტი, რომელიც ორეტაპიან ტესტზეა დაფუძნებული და დიდწილად არის დამოკიდებული კონკურენციის სააგენტოს შეფასებებზე. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჭარბ ფასზე გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მოითხოვს სპეციფიკური ფაქტორების სიღრმისეულ ანალიზს და ბლანკეტური მიდგომა ან „ჯადოსნური რიცხვი“ გონივრული მარჟის განსაზღვრისთვის არ არსებობს.
თეონა ჟიჟიაშვილი
PwC საქართველო, იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი
ტელ: +995 598 333 073




























