მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაცია ეკონომიკაში ნამდვილად არის მთავარი პრობლემა - ფინანსთა მინისტრი

635fa203b830c
BM.GE
31.10.22 14:25
417
ინფლაცია ეკონომიკაში ნამდვილად არის მთავარი პრობლემა, თუმცა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად უკვე ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ინფლაციის შესამცირებლად ქვეყანაში იდგმება.

„ამ კუთხით რა ნაბიჯები იდგმება როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკის მხრივ? ერთი მხრივ, მონეტარულ პოლიტიკის კუთხით მთავარი როლი უჭირავს ეროვნულ ბანკს, ის ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას და მაღალ საპროცენტო განკვეთს, რომელიც 11%-ზეა შენარჩუნებული. ამ მიმართულებით იდგმება ყველა ნაბიჯი, რათა ინფლაციის შემცირება მოხდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.

რაც შეეხება ფისკალური დეფიციტის ნაწილს, რომლის შემცირებაც ხდება მნიშვნელოვნად. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი გვქონდა 9.3% მშპ-ისთან მიმართებით, უკვე მიმდინარე წელს ეს იქნება ძალიან ახლოს 3%-თან, მომდევნო წელს კი - 2.8%. ეს არის სამჯერ შემცირება. ფისკალური დეფიციტის ამხელა მასშტაბის შემცირება საქართველოში პრაქტიკულად არასდროს ყოფილა. ამ კუთხით მაქსიმალური კეთდება, იმისთვის, რომ როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა გატარდეს იმდაგვარად, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა, ეს არ არის შემცირების ის ტემპი, რომელიც გვინდა.

„გასათვალისწინებელია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციამ შემცირების მაჩვენებელი აჩვენა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია ისევ მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერ არ მიუღწევია იმ პიკს, საიდანაც ინფლაცია დაიწყებდა შემცირებას. საქართველო არის პატარა ღია ეკონომიკა და გადმოცემის ეფექტები ბუნებრივია არსებობს. მათ შორის იმპორტთან მიმართებაში ინფლაცია გადმოეცემა საქართველოსაც. გარკვეული მიმართულებით შემცირებები არის, თუმცა მთლიან სურათში ეს დიდად არ აისახება, სურსათის ინდექსთან მიმართებაში გარკვეული შემცირებით ხასიათდება, ენერგომატარებლებთან მიმართებით სწრაფად იცვლება ვითარება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, სექტემბერში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 11.5%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 10.9% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები