ბიზნეს სექტორში პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მატება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების, კერძოდ, ხელფასებისა და კომუნალური გადასახადების ზრდით. ამის შესახებ BMG-სთან მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე საუბრობს.
მისი თქმით, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხელფასები ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ზრდაც ბიზნესის დანახარჯებზე პირდაპირ აისახება. გაძვირებული თვითღირებულების პირობებში კი, კომპანიები რთული არჩევანის წინაშე დგანან. მათ ორი ძირითადი გზა რჩებათ: ხარჯების ოპტიმიზაცია ან ფასების ზრდა.
"როდესაც თვითღირებულება იზრდება, ნებისმიერ კომპანიას ორი გზა აქვს. ერთი გზაა, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინოს, გადახედოს, ხომ არ არის რაღაც გაბერილი, ზედმეტი ხარჯი და შეამციროს მაქსიმალურად. მეორე ვარიანტია - ფასები გაზარდოს", – ამბობს ჭელიძე.
მისი თქმით, თუ კომპანია არც ერთ ამ გზას არ აირჩევს, მაშინ ეს პირდაპირ მის მოგების მარჟაზე აისახება. ამიტომ, როგორც მიხეილ ჭელიძე ამბობს, პირველ რიგში, კომპანიებმა ხარჯების ოპტიმიზაციაზე უნდა იზრუნონ, რათა ფასების მატება მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ადეკვატური იყოს.
ხელფასების ზრდის გარდა, ჭელიძე სხვა ფაქტორებსაც ასახელებს, რომლებიც ბიზნესის ხარჯებს ზრდის: ინფლაცია და კომუნალური გადასახადების მატება.
"ინფლაცია არის ქვეყანაში, თანაც მაღალი და შესაბამისად, ამას ფასწარმოქმნაში თავისი წვლილი აქვს. ხარჯების მეორე ნაწილი კომუნალურებია და შეიძლება ვთქვათ, რომ ესეც მატებაშია", - განმარტავს ჭელიძე.
ამის მიუხედავად, როგორც მიხეილ ჭელიძე აცხადებს, ქვეყანაში ხელფასებისა და ფასების ზრდა ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს და არა კრიზისზე. მისი თქმით, ეს პროცესი ბუნებრივია და არსებულ რეალობას ასახავს.
„როდესაც ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკაც ვითარდება. აქედან გამომდინარე, ხელფასებიც და ფასებიც მიყვება, ანუ ეს ინფლაციის ზრდა და ხელფასების ზრდა, არ ნიშნავს, რომ ცუდი სიტუაციაა, პირიქით, კარგია. უბრალოდ, ფასები ერგება უკვე არსებულ რეალობას“, - ამბობს ჭელიძე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი 10.5%-ით, თითქმის, 231 ლარით გაიზარდა და 2 421 ლარი შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე მშენებლობის სექტორებში. 10.3%-ით გაზრდილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც და მან 2009 ლარი შეადგინა.




























