მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურა და ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა გამოწვევად რჩება - COSCO SHIPPING LINES

ჩაჩანიძე

ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების კონკრეტული გეგმები განიხილეს. კერძო სექტორის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი აქცენტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზაციასა და რეგიონულ ქვეყნებთან სინქრონულ მუშაობას შეეხო.

COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერის, გივი ჩაჩანიძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ რეგიონში სატრანზიტო ფუნქცია შეინარჩუნოს, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროცესები ქვეყნებს შორის სინქრონულად უნდა წარიმართოს.

“დღეს გამოწვევად რჩება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა. როგორც იცით, რკინიგზაში ინვესტიცია კეთდება, რომ სრულიად შეიცვალოს სავაგონო პარკები და ლოკომოტივები, რაც ძალიან მოგვეხმარება. შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს და მთელ ჯგუფს ახლო ურთიერთობები აქვთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და აზერბაიჯანთან, რომ ყველაფერი სინქრონულად კეთდებოდეს, რათა ისე არ მოხდეს, რომ იმათმა რამე გააკეთონ და ჩვენ ჩამოვრჩეთ, ან პირიქით.

როცა შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი მოგვარებაც საჭიროა, ეს არის პირველ რიგში კასპიის ზღვა, რომელიც სულ იჭედება. მე პირადად ვიმყოფებოდი ყაზახეთში და აზერბაიჯანში და ვხედავ, რომ კეთდება ტერმინალები, შენდება ახალი გემები, რომლებიც ამ პრობლემებს მოაგვარებს.

ჩვენ მხარეს რჩება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელზედაც შეხვედრაზე ითქვა, რომ 2029 წელს მივიღებთ პირველ გემს. თუ ეს ყველაფერი გაკეთდა, ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ლოგისტიკური ჰაბი და სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ, ბიზნესს მზადყოფნა გვაქვს და აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ პროცესში. ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ მზად არიან ჩვენთან შეხვედრებისთვის, რომ სინქრონულად მოხდეს პროცესში ჩართვა”,- აცხადებს გივი ჩაჩანიძე BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები