ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-გორის მონაკვეთის გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით ერთი ზოლის დამატების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ჩაატარებს.
"დაგეგმილია გორამდე მაგისტრალის 6-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება.
გორამდე მაგისტრალს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება დაპროექტებას, მაგრამ ჩვენი პროგნოზით, რამდენიმე წლის შემდგომ შეიძლება გახდეს უკვე აუცილებლობა ამ მაგისტრალის გაფართოების, ამიტომ სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი წინსწრებით ვატარებთ ყველა მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ ამ საჭიროების და აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, ამ მიმართულებით მზად ვიყოთ,"- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
პროექტის შესახებ გასულ კვირაში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე ასევე ისაუბრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ ზაბახიძემ. მისი თქმით, სატრანსპორტო ნაკადების ზრდიდან გამომდინარე, სამინისტრო აღნიშნულ პროექტს სწავლობს.
გარდა ნატახტარი-გორის მაგისტრალის გაფართოებისა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე თბილისი-ნატახტარის 11-კილომეტრიანი მაგისტრალის გადაკეთებას და არსებული 4-ზოლიანი გზის, 8-ზოლიან გზად მოდერნიზებას გეგმავს. უწყებამ შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარუდგინა, რაც ქოშიგორის ქვეშ ორი ახალი პარალელური გვირაბის მშენებლობასაც მოიცავს.




























