იმ ფონზე როცა მთავრობა თეთრი სიის ნაწილობრივ გაუქმებას გეგმავს, ბიზნესის პოზიციაა, რომ ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღება ამჯერად მაინც მოხდეს, რადგან ცვალებადი ფასების პირობებში კონტრაქტორი კომპანიები ფინანსურ ზარალს იღებენ, შედეგად ხშირად პროექტები ვერ სრულდება.
“სმარტ სოლუშენის” დირექტორი ლევან გოგსაძე BM.GE-თან აცხადებს, რომ ფასთა ინდექსაციაზე საუბარი წლების წინ იყო, თუმცა ყველა კონტრაქტორი კომპანია ტენდერებში მას არ იყენებს, შესაბამისად, ცვალებადი ფასების პირობებში კონტრაქტორები მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ არიან. მისი შეფასებით, აუცილებელია ამ მიმართულებით სახელმწიფო შესყიდვებში ფასთა ინდექსაციის მექანიზმის მკაფიოდ განსაზღვრა და გამოყენება, რომ რისკები იყოს ყოველმხრივ გადაზღვეული.
“სამშენებლო მასალები ძვირდება, იზრდება შრომით რესურსებზე ხარჯები, ფასთა ინდექსაცია თუ შემოვა და ძალიან მკაფიოდ განისაზღვრება ხელშეკრულებაში ძალიან კარგი იქნება. თეთრი სიის უპირატესობა თუ აღარ ექნებათ სამშენებლო კომპანიებს სასურველია, რომ გვქონდეს ინდექსაციის მკაცრად გაწერილი პირობები, რომ დაზღვეული იყვნენ კომპანიები. ჩვენი პროექტები ხანგრძლივია, ზოგჯერ წელიწადი და ხანდახან მეტ ხანს გრძელდება და ფასების ცვლილება საკმაოდ დიდ რისკებს გვიქმნის ხოლმე. ინდექსაციაზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ვიწყებთ პროექტს, როცა სამშენებლო მასალა და მუშახელი ღირს გარკვეული თანხა და უკვე რომ მივდივართ პროექტის შუა პროცესში ფასების მხრივ სხვა რეალობა გვაქვს. ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ეს კომპანიებისთვის,”- ამბობს “სმარტ სოლუშენის” დირექტორი ლევან გოგსაძე.
ფასთა ინდექსაციის ტენდერებში როგორც სავალდებულო მუხლის შემოღებაზე ბიზნესი 2022 წლიდან საუბრობს. სწორედ 2022 წელს სახელმწიფომ ბიზნესს ინდექსაცია როგორც ერთჯერადი მექანიზმი, რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ნეგატიური გავლენების შესამსუბუქებლად, შესთავაზა. მას შემდეგ დარგობრივი ასოციაციის ჩართულობით სარეკომენდაციო ცვლილებების პაკეტიც მომზადდა, თუმცა ამ დრომდე კერძო სექტორი ტენდერებში ფასთა ინდექსაციის, როგორც სავალდებულო მექანიზმის შემოღების მოლოდინშია.




























