მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც აჭარის მთავრობა დაგვიანებით აშენებს - სია

6475fe20baa30
BM.GE
30.05.23 17:50
487
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს აჭარის ბიუჯეტმა 442 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმით დადგენილის 92% იყო, ხოლო ხარჯების მოცულობა 397 მილიონი იყო, რაც გეგმის 82%-ს შეადგენდა. იმის გამო, რომ ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს ჩამოუვარდებოდა, აჭარის მთავრობას აუთვისებელი ფინანსური რესურსები დარჩა, რის შედეგადაც ბიუჯეტის ნაშთი 44.9 მილიონი ლარით გაიზარდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსების ძირითადი წყარო რეგიონში აკრეფილი საშემოსავლო გადასახადია, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს რჩება. ამ თანხამ გასულ წელს 377 მილიონი ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის აუთვისებლობა რიგ პროექტებში შესრულების გეგმასთან ჩამორჩენამ განაპირობა. აუდიტის ანგარიშის თანახმად, ამ პროექტების უმეტესობაში ჩამორჩენა კონტრაქტორი კომპანიების მიერ ვადების გადაჭარბებას უკავშირდება.

პროექტები, რომელთა შესრულებაც გეგმას ჩამორჩება:

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში აუთვისებელი დარჩა 9,463.6 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო არაუგვიანეს 2022 წლის 8 ოქტომბრამდე, თუმცა მიმწოდებელმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება.

„გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 4,273.5 ათასი ლარი, რაც ძირითადად დაკავშირებულია კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებასთან.

„აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2,838.7 ათასი ლარი. გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს შეფერხებით, რაც გამოწვეულია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვინაიდან გაზსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს და გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბებამდე ტექნიკურად შეუძლებელია მილსადენის მოწყობის სამუშაოების ჩატარება

„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 2,343.7 ათასი ლარი, რაც განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დაუსრულებლობით.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1,139.3 ათასი ლარი, რაც გამოწვეულია მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან. ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარედ არსებული ბილიკების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო განმეორებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი არ შედგა.

„ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში აუთვისებელი დარჩა 1,873.4 ათასი ლარი, რაც გამოწვეულია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების − „ბათუმის ბულვარში სკეიტპარკის მოწყობა“, „ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სანათების შესყიდვა“, „ძველ ბულვარში არსებული საბავშვო კუთხის რეაბილიტაცია“ და სხვა პროექტების შეუსრულებლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები