მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს შეხვდა.

აჭარის მთავრობის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მოგვეცა შესაძლებლობა, გვემსჯელა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგში დგას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. ამას ადასტურებს სავაჭრო ბრუნვის მზარდი მაჩვენებელიც - შარშან ორმხრივმა ვაჭრობამ მილიარდ 300 მილიონს მიაღწია. მნიშვნელოვანი საკითხია ტურისტული ნაკადების რაციონალური მართვა. ბაქო-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორი რეისი სრულდება, ხოლო ივნისიდან რეისები ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე. ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნესფორუმების გამართვა ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის ოთხივე სეზონის მიმართულებები გააცნო. ზურაბ პატარაძის თქმით, რეგიონი მზად არის აქტიურად უმასპინძლოს ორმხრივ ბიზნესფორუმებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს, რაც საქმიანი კავშირების გაღრმავებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს მცირედით 1.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. აქედან, ექსპორტი შარშან წლიურად 3.8%-ით 697 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 13.2%-ით 660.9 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

2025 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 143.8 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც წლიურად გაზრდილი მაჩვენებელია. აზერბაიჯანელი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებისას ყველაზე მეტად ტრანსპორტით, ვაჭრობით, დამმუშავებელი მრეწველობით, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობებით და საფინანსო სექტორით ინტერესდებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს, მეზობელი სახელმწიფოდან 2025 წელს ვიზიტების რაოდენობა 33.2%-ით 292 149-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანი ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები