მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

კობახიძე

გთავაზობთ გასული კვირის - 31 მარტი - 6 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყოფა და მას რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოეყოფა

2 აპრილს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტუქტურის სამინისტროდან რეგიონული განვითარების სამინისტროს გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება. 2 აპრილსვე მომავალი მინისტრად სუს-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დასახელდა, თუმცა უკვე 4 აპრილს მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და მომდევნო მინისტრად კახა გულედანის წარდგენა მოხდა, რომელიც ამ დრომდე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

არსებული მდგომარეობით, "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს" 2025 წლის ბიუჯეტი 3.12 მილიარდ ლარს შეადგენს, მის ადმინისტრაციაში კი 306 ადამიანი არის დასაქმებული. უწყების ორი ძირითადი საქმიანობაა ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს ახორციელებენ თავად ადგილობრივი თვითმმართველობებიც და ამ მხრივ ფუნქციები დუბლირებულია, თუმცა სამინისტრო ძირითადად რეგიონებში მსხვილი პროექტების განხორციელებით არის დაკავებული. ასევე სამინისტროს ქოლგის ქვეშაა ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგება წყალარინების სისტემის განვითარება და ქვეყნის მასშტაბით მყარი ნარჩენების მართვა.

აჭარის მთავრობის მეთაურად სულხან თამაზაშვილი წარადგინეს

4 აპრილს "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საბჭოს წევრებს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მან თორნიკე რიჟვაძე უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ იმავე დღეს განაცხადა.

სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია. კერძოდ, თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად. მას შემდეგ, სულხან თამაზაშვილი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

მარტში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე, 3.5%-მდე გაიზარდა

საქსტატის თანახმად, 2025 წლის მარტში წლიური ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე - 3.5%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის თებერვალში წლიური ინფლაცია 2.4%, იანვარში კი 2% იყო. ფასების წლიური ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 6.6%-ით მატებამ განაპირობა. ასევე მკვეთრად - 8.8%-ით არის გაზრდილი ფასები ჯანდაცვის სერვისებზე, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების წლიური ზრდა 4.2%-ია.

ცვლილებები მთავრობაში - ახალი იუსტიციის მინისტრი, ახალი სუს-ის უფროსი, ახალი უფროსი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში

იუსტიციის მინისტრის პოსტი ქართული ოცნების დეპუტატმა პაატა სალიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების სიაში 96-ე ადგილზე იყო. ამ პოსტზე სალიამ ანრი ოხანაშვილი შეცვალა. ასევე ახალი უფროსი ჰყავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ეს პოსტი დაიკავა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც ამ თანამდებობაზე სოსო რამიშვილი შეცვალა.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას ყიდულობს

ბანკ Paysera-ს გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, რომ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პარალელურად ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას აქტიურად ყიდულობს. ქუმსიშვილის თქმით, ისინი როგორც ბაზრის ერთ-ერთი მონაწილე ხედავენ, რომ სებ-ი სავალუტო ოპერაციებს ახორციელებს და დოლარს ყიდულობს.

"ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ჩვენ ხომ ვხედავთ და ვაკვირდებით ვინ ყიდის და ვინ ყიდულობს და სებ-ი ძალიან ინტენსიურად ყიდულობს.

მარტის ამ პერიოდში, ბოლო რამდენიმე კვირაში ჩანს რომ იყიდეს საკმაოდ ბევრი,"- აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 0.97 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7576 ლარი გახდა. ამასთან ლარი 6.20 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.0438 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 0.95 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5909 ლარამდე გაიზარდა.

ყვარლის ბაგა აცხადებს, რომ საქონლის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს 2019 წლის შემდეგ აღარ იყენებენ

„ყვარლის ბაგა“ აცხადებს, რომ 2019 წლიდან, საქონლის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს არ იყენებენ. ამის შესახებ BMG-ის კომპანიაში განუცხადეს. 2 აპრილს ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგამ" გაავრცელა განცხადება, სადაც ირწმუნებიან, რომ წუნდებული რძე გაანადგურეს და ის არ ჩაშვებულა არც "ყვარლის ბაგას“ და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, 2018 -2019 წლებში ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა, თუმცა მას შემდეგ რაც პირუტყვის დაცემის ფაქტი გამოვლინდა მათ ეს პრაქტიკა შეწყვიტეს.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა "რადიო თავისუფლებას" ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა "ყვარლის ბაგას" სარჩელი და კომპანია ჩირინას, რომლისგანაც მათ 2018 წელს ქათმის ნაკელი შეიძინეს 4.7-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. კომპანია აცხადებდა, რომ ჩირინას ქათმის ნაკელი უხარისხო იყო, რადგან მასში ანტიბიოტიკების კვალი შეინიშნებოდა, რამაც ძროხების დაცემა გამოიწვია. აღნიშნულს არ ეთანხმება ჩირინა, სადაც აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმება აჩვენებს, რომ მათი პროდუქცია ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს არ შეიცავს. "დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა, 3-დან 1 წლამდე შეუმცირა

"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 1 წლის ვადით შეეძლებათ, ნაცვლად აქამდე მოქმედი 3-წლიანი პერიოდისა - შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

საქმე ისაა, რომ გასული წლის 24 თებერვალს ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა, 3 წლის ვადით უვიზოდ შეეძლოთ. მანამდე, 2023 წლის თებერვალში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა. მანამდე უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლება სტანდარტულად, 1 წლის ვადით ჰქონდათ.

პოლონეთის საელჩო პოლონელებს ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში პოლონელ ინვესტორებს ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტირებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საელჩოს ფეისბუკგვერდზე პოლონურ ენაზე ვრცელდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოტყუებული პოლონელები მათ უსამართლო პრაქტიკის გამო მიმართავენ.

"ბათუმში ზოგიერთი უძრავი ქონების დეველოპერის მიერ გამოყენებული უსამართლო პრაქტიკის მზარდი შემთხვევების შესახებ მომართვიანობის გამო, რეკომენდაციას გაძლევთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ, როდესაც უძრავ ქონებაში ინვესტირების ბიზნეს გადაწყვეტილებას იღებთ,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მთავრობას პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ჯასტინ თიმბერლეიკი ჩამოჰყავს

მთავრობას პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ჯასტინ თიმბერლეიკი ჩამოჰყავს. კონცერტი 2025 წლის 23 ივლისს, დინამო არენაზე გაიმართება.

გამოქვეყნდა ინფორმაცია ბილეთების შესახებაც, მათი ფასი 125 ლარიდან 1400 ლარის ფარგლებში იქნება.

უცნობია რამდენი მილიონი ლარი უჯდება ბიუჯეტს აღნიშნული კონცერტის დაფინანსება. თავად Starring Georgia-ს ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და მის ფარგლებში მთავრობამ დააფინანსა Scorpions-ის, Onerepublic-ის, ბრუნო მარსის და სხვა არტისტების კონცერტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები