18 აპრილს თბილისი "ინგლისური სამართლის ფორუმს" უმასპინძლებს, რომელზეც, პანელური დისკუსიის ფორმატში, საერთაშორისო სამართლის გამორჩეული პროფესიონალები და გამოცდილი პრაქტიკოსები საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დავებისა და კომერციული გარიგებების შემთხვევაში ინგლისური სამართლის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე, ისაუბრებენ.
როგორც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი და კომერციული დავების მიმართულებით ინგლისელი ადვოკატი, ბერი კოლტერი BM.GE-სთან აღნიშნავს, ფორუმზე ქართველი და საერთაშორისო პროფესიონალების თავმოყრა იურისტებს მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარებათ.
"ენთუზიაზმით ვარ განწყობილი, რადგან მაქვს შესაძლებლობა, შევხვდე სხვადასხვა კარიერული თუ კულტურული წარმომავლობის მქონე პროფესიონალს და, არა მხოლოდ მათ, არამედ ბიზნესმენებსაც. ეს დამეხმარება, უკეთ აღვიქვა ქართული სასამართლო გარემო, მათ შორის ბიზნესის კუთხით და მისი კორელაცია ინგლისურ სამართალთან.
ამასთან ერთად, მეძლევა შესაძლებლობა, თავად გავუზიარო ადამიანებს ჩემი გამოცდილება, და საპასუხოდ მათი გამოცდილების შესახებ მოვისმინო, ვისაც თბილისში პირადად გავიცნობ - სწორედ ეს მახარებს ყველაზე მეტად. მინდა აღვნიშნო, რომ ექსპერტული გამოცდილების დიაპაზონი და პერსპექტივები საკმაოდ ფართო იქნება", - ამბობს კოლტერი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ "ინგლისური სამართლის ფორუმის" ყველაზე საინტერესო ასპექტი დამსწრეთა მრავალფეროვნებაა, რადგან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კოლაბორაცია თითოეულ მათგანს საკუთარი უნარებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების საშუალებას აძლევს.
"მჯერა, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ასპექტი “ინგლისური სამართლის ფორუმისა”. შეხვედრებზე არ იქნებიან მხოლოდ ადვოკატები, რომლებიც სხვა ადვოკატებს ესაუბრებიან. იურისტები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს ხშირად უზიარებენ, თუმცა ჩვენ საკმაოდ ვიწრო სპეციალობა გვაქვს და შავ-თეთრ პრობლემებზე და მოკლევადიან დავებზე ვართ კონცენტრირებული. არადა, სასამართლო სისტემას სჭირდება, რომ საზოგადოებაში იმუშაოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საზოგადოებაში, რომელიც ბიზნესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და მარეგულირებლებს აერთიანებს.
შესაბამისად, როდესაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იკრიბებიან, ჩვენ გვაქვს საშუალება, ავხსნათ ჩვენი ხედვები და ამავე დროს გავიგოთ ბიზნესმენთა და მთავრობის წარმომადგენელთა ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს სასამართლო სისტემა უფრო ეფექტური. კოლაბორაციის ფარგლებში კი თითოეული ადამიანი თავის გამოცდილებას, უნარებს და სამომავლო გეგმებსა და იმედებს გაგვიზიარებთ", - ამბობს ბერი კოლტერი.
კოლტერი აღნიშნავს, რომ ფორუმზე ინგლისური და ქართული მხარეების წარმომადგენლობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"როდესაც ინგლისელი იურისტები უკეთ შეისწავლიან ქართულ სასამართლო სისტემას, ქართველ იურისტებს, მათ მიზნებსა და იმედებს, და ამის მსგავსად, როდესაც ქართველი ბიზნესმენები გაგვიზიარებენ თავიანთი მიზნებისა და შეხედულებების შესახებ, ეს კავშირები ორივე მხარეს გაძლიერდება. ქართველ იურისტები და ბიზნესმენები უკეთ გაიცნობენ ფორუმზე გამომსვლელ სპიკერებს, შეისწავლიან რისი გაკეთება შეუძლია ინგლისურ კანონმდებლობას მათთვის. ასევე, ფორუმი ერთგვარ სივრცეს ქმნის, სადაც სხვადასხვა მხარეებს დისკუსიის გამართვის საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმარულ გარემოშიც, WhatsApp-ით ან ელექტრონული ფოსტით", - აღნიშნავს "ინგლისური სამართლის ფორუმის" სპიკერი.